ბირმაში მთავრობამ მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია

ბირმაში არმიამ ცეცხლი გაუხსნა მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს. თვითმხილველების თქმით, დღეს ბირმის ქალაქ რანგუნში მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციას არმიამ ცეცხლი გაუხსნა. მსხვერპლის შესახებ ჯერ-ჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ მოიპოვება. სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ჯერ-ჯერობით ცნობილია, რომ დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბუდისტი ბერი. საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტო, ბირმის მთავრობის ანონიმი წარმომადგენლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ბერების დახოცვის ფაქტს ადასტურებს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჯარისკაცებმა და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებმა ბუდისტი ბერების და მათი მომხრეების მიერ მოწყობილი დემონსტრაციის დასაშლელად, აგრეთვე ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს. დაკავებულია დაახლოებით ასი აქტივისტი. გუშინ ბირმის სამხედრო ხუნტა დაემუქრა მოპროტესტეებს, რომ თუ ისინი ნებით არ დაიშლებოდნენ მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებდნენ. მთავრობის ამ მუქარას დაახლოებით ათ ათასამდე ადამიანი არ შეეპუა. აქციაში მონაწილენი აი უკვე ორმოცდახუთი წლის განმავლობაში არსებულ სამხედრო მმართველობას აპროტესტებდნენ. საპროტესტო მოძრაობას ბიძგი მისცა ერთი თვის წინ გამართულმა მანიფესტაციამ, რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ ბენზინის გაძვირებას. გასულ კვირას ამ მოძრაობამ ისე მოკრიბა ზალა, რომ რანგუნისა და მანდალეის ქუჩებში უკვე ათი ათასობით კაცი სეუერთდა მოპროტესტეთა რიგებს.