კინოთეატრი ზღვის სანაპიროზე

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც კინოთეატრის კულტურა მეტად განვითარებულია, მრავალჯერ ნაცადი ფორმაა მოძრავი თუ სეზონური კინოთეატრები. ასეთი ტრადიცია ჩვენს ქვეყანაშიც არსებობდა. ალბათ ყველას კარგად ახსოვს, მაგალითისათვის, წყნეთისა თუ კიკეთის ღია კინოები, რომელიც სეზონზე მაყურებელს ვერ იტევდა. მსგავსი ღია თუ დახურული ტიპის კინოთეატრები თითქმის ყველა რაიონში თუ სოფელში არსებობდა.

მას შემდეგ რაც კინოთეატრების სისტემა პრაქტიკულად მთლიანად მოიშალა, კინოდარბაზებმა სხვა მრავალი განსხვავებული სახის ფუნქცია შეიძინა. მაგრამ ეს სხვა თემაა. მაგალითისათვის კიდევ ერთი საინტერესო მოვლენის შესახებ: - ვენეციისა და კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მათგან ორივე ზღვის სანაპიროზე მიმდინარეობს, ფესტივალის ფარგლებში, იმართება ღია კინოჩვენებები, რომელიც ყველა მსურველისათვის ღიაა. ჩვენებები, როგორც წესი კინო კლასიკას გულისხმობს და მისთვის შერჩეულია თემატურად, კინოხელოვნების ის შედევრები, რომელთა ხელმეორედ ნახვა, ყველა კინომოყვარულისათვის სასიამოვნოა.

პირობები კი, რომელსაც ფესტივალები კინომანებს სთავაზობენ შესანიშნავია. ეკრანი შეჭრილია პირდაპირ ზღვაში, ნაპირზე ზღვის სავარძლების მეშვეობით მოწყობილია ღია ტიპის დარბაზი და მათ ვისაც შესაძლებელია სეანსის დროს ზღვიდან წამოსულმა სიომ დაუბეროს, თბილ პლედებს ურიგებენ და ყველანაირი წვრილი დისკომფორტისაგან იცავენ. ასე, რომ ღია ცის ქვეშ, კომფორტულ სავარძელში, ზღვის პირას - ვენეციისა და კანის ფესტივალის ფარგლებში, შესაძლებელია სულ არ დაინტერესდეთ თანამედროვე კინემატოგრაფის ახალი ნიმუშებით და 12 დღის მანძილზე უკვე არსებული კინო კლასიკის ნიმუშებით დატკბეთ. უკანასკნელი 2 წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრი კინოს მოყვარულებს ამგვარ სიახლეს სთავაზობს, მოძრავი კინოთეატრი სოფლიდან სოფელში დადის და ქართულ კინოკლასიკას აჩვენებს. წელს პირველად, მოძრავმა კინოთეატრმა ზღვის სანაპიროზე დაიდო ბინა და თითქმის ერთი თვის მანძილზე, უკვე არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფის ნიმუშებიც შესთავაზა დამსვენებელს. უფრო ვრცლად, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე კოტე ჩლაიძე მოგვახსენებს.

კოტე ჩლაიძეაქ პრინციპული განსხვავებაც არის, სოფლებში ჩვენ ძირითადად დაგვქონდა ქართული ფილმები. ამ შემთხვევაში ორიენტაცია მსოფლიო კინოზეა აღებული. ახლა გონიოში იმართება ჩვენებები და ჩვენ ვგეგმავთ, რომ გონიოდან გადავიდეთ ბათუმში. გონიოში ჩვენ მოვილაპარაკეთ ერთ-ერთ კაფე-რესტორანთან და სწორედ იქ იმართება ჩვენებები, ასე რომ ამ კაფეს მომხმარებლები მექანიკურად ჩვენი კინოთეატრის მომხმარებლებიც ხდებიან. ბათუმშიც ზღვის პირას გაიმართება ჩვენებები და ბათუმის მერია ჩვენ სპეციალურად ამ ღია კინოდარბაზისათვის გვაძლევს სავარძლებს.

- ასე რომ ვისაც შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებას მეტი სასიმოვნო ემოცია უნდა შემატოს, მათ შეუძლიათ ღია ცის ქვეშ ნახონ ისეთი შედევრები როგორიც არის ფრანსუა ტრიუფოს “”400 დარტყმა”, ბერნარდო ბერტოლუჩის “გახლეჩილი ცა”, ფრანსუა ოზონის “დრო, რომელიც რჩება” და კიდევ სხვა მრავალი. კინოჩვენებები, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა კინოს პოპულარიზაციისათვის, ქართველ დამსვენებლებს და კინომანებს შესთავაზა. ჩვენებები 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.