ქართულ საზოგადოებაში აგრესიის ხელშემწყოფი ფაქტორები

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის მიერ ჩატარდა კვლევა სახელწოდებით - “ადამიანის უფლებები, აქცენტი წამებაზე”. კვლევის პრეზენტაციაზე ყველასათვის თვალში საცემი იყო, კითხვარში, უკანასკნელ დროს ერთ-ერთი მეტად აქტუალური საკითხის არ არსებობა, რასაც მოზარდების ძალადობა ქვია. მაგრამ, საინტერესო ის გახლავთ, რომ რესპოდენტები ამ პრობლემას თავად მიუახლოვდნენ, მაშინ როდესაც აგრესიის წარმოქნის სავარაუდო პუნქტებს ასახელებდნენ. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი ლელა ცისკარიშვილი მოგვახსენებს:

ლელა ცისკარიშვილი – ჩვენ ვიკვლიეთ თუ რას მიიჩნევს საზოგადოება აგრესიის ხელშემწყობ ფაქტორად. საინტერესოა, რომ საზოგადოების ნახევარზე მეტი, მიიჩნევს რომ სკოლა და ოჯახი არის აგრესიის ხელშემწყობი ინსტიტუცია. ამის მიხედვით ჩვენ გვაქვს სამიზნეები თუ სად უნდა მოხდეს ინტერვენცია.

- აქედან გამომდინარე, თუკი ზოგადად აგრესიის მაპროვოცირებელ წყაროდ სკოლა და ოჯახი სახელდება, მაშინ სრულიად ლოგიკურად ჩვენს წინაშე ის შედეგია, რომელსაც მოზარდებში გახშირებული ძალადობის ფაქტები ქვია. ამავე ქვეთავში, სადაც კვლევა ცდილობს აგრესიის ყველა წყარო გამოავლინოს კიდევ ერთი საინტერესო საკითხია. მეტი სინათლისათვის ფრაგმენტი კვლევის შედეგებიდან. მოსახლეობა აგრესიის ხელშემწყობ ფაქტორად პირველ რიგში სიღატაკეს ასახელებს და მეორე ადგილზე დგას მოუგვარებელი ტერიტორიალური კონფლიქტები. შემდეგ მოდის სახელმწიფო პროპაგანდა, პოლიციის ქმედებები, მასმედიის მუშაობის სტილი, რომელნიც ერთნაირად და აქტიურად ზრდიან აგრესიას საზოგადოებაში. საინტერესო ის გახლავთ, რომ მოუგვარებელი კონფლიქტები, რომელსაც გაყინულ კონფლიქტებსაც უწოდებენ, თანამედროვე საქართველოში აგრესიის ხელშემწყობ ფაქტორად სახელდება – ფაქტი რომელიც არა ცოტა, არამედ საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ლელა ცისკარიშვილი – პირველად რაც მომივიდა ასოციაციურად – ფსიქოლოგიური ტერმინი არის გადაუჭრელი გლოვა ანუ შინაგანი პროცესი, რომელიც ჯერ არ მოგვარებულა. ეს გაყინული სიტუაცია და ძალიან დიდი რაოდენობა დევნილებისა, განაპირობებს, რომ ეს ტერიტორიული კონფლიქტები ითვლება ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად აგრესიის ზრდისა.

- არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც ფსიქოლოგი ნატო ზაზაშვილი ასახელებს.

ნატო ზაზაშვილი - ჩვენ მაინც ვართ დამარცხებული მხარე. ეს რასაკვირველია შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ხელშემწყობ მიზეზად აგრესიისა. ადამიანი, თუ სახელმწიფო, რომელიც ვერ დაიცავს საკუთარ თავს, საკუთარ სახლკარს, ტერიტორიას შემდეგ ეს გამოუხატავი შინაგანი აგრესია, სხვა სფეროში გამოვლინდება.

- თუმცა ალბათ, კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზი იმისა, რომ მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტები აგრესიის ხელშემწყობ ფაქტორად სახელდება, პასუხი ისევ ამ კითხვარში დევს, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო პროპაგანდას და მასმედიის მუშაობის სტილს ასახელებს. უკანასკნელ დროს, სახელწიფო, სწორედ მასმედიის საშუალებით ცდილობს აქტიურად გააღვიძოს და გააქტიუროს ასე ვთქვათ პატრიოტული ტკივილი, რომელსაც მოუგვარებელი კონფლიქტები ქვია. ამიტომ, ბუნებრივია მოსახლეობის მეხსიერებაში კიდევ უფრო მკვეთრად ზის დაკარგული ტერიტორიების ხსოვნა.