40 წლის წინათ, 1967 წლის 5 ივნისს ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ეგვიპტის, იორდანიის და სირიის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე და სულ რაღაც 6 დღის განმავლობაში გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა არბული სახელმწიფოების არმიებს, რომლებიც თავის მხრივ ისრაელის სახელმწიფოს მოსპობაზე ოცნებობდნენ.
ომის დაწყებამდე ეგვიპტემ სინაის უდაბნოში ძლიერ სამხედრო დაჯგუფებას მოუყარა თავი, მაგრამ ისრაელის ავიაციამ მოულოდნელი თავდასხმის წყალობით რამდენიმე საათში გაანადგურა ეგვიპტის სამხედრო-საჰაერო ძალების უდიდესი ნაწილი. 6 ივნისს ისრაელმა უკვე აღმოსავლეთ იერუსალიმზე განახორციელა თავდასხმა, რომელიც იმ დროისათვის იორდანიის შემადგენლობაში შედიოდა. ებრაელებმა მოკლე ხანში მიაღწიეს წარმატებას და აღმოსავლეთ იერუსალიმთან ერთად მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ოკუპაციაც მოახდინეს.
სულ რაღაც 6 დღის განმავლობაში ისრაელის ტერიტორია სამჯერ გაიზარდა. ისრაელმა სინაის ნახევარკუნძილი და ღაზის სექტორი წაართვა ეგვიპტეს, მდინარე იორდანეს დასვლეთ ნაპირი იორდანიას და გოლანის მაღლობები სირიას. საბჭოთა კავშირის მოკავშირე არაბმა ნაციონალისტებმა გამანდგურებელი დამარცხება განიცადეს. ისრაელმა ეგვიპტესთან ერთად მისი მოკავშირეების სირიის, იორდანიის და ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალების განადგურებაც შესძლო.
ისრაელი სამხედრო თვალსაზრისით ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ზესახელმწიფოდ გადაიქცა. სიონისტებმა მოახერხეს პალესტინის მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილის გაძევება ქვეყნიდან. მიუხედავად ამისა ამ ომიდან 40 წლის შემდეგ ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 4 მილიონამდე პალესტინელი ცხოვრობს. ისრაელის უძლეველობის მითი კი შარშან ზაფხულში დასამარდა ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ წამოწყებული ომის დროს, როდესაც შეერთებული შტატების და ევროპის წამყვანი ქვეყნების მხარდაჭერის მიუხედავად ებრაელებმა ვერ მოახერხეს შიიტური სამხედრო ორგანიზაციის გატეხვა. კორუმპირებული არაბი ნაციონალისტების ნაცვლად ისრაელს პირველად მოუწია ისლამური რადიკალური სამხედრო ორგანიზაციის წინააღმდეგ შეტაკება ბრძოლის ველზე.
ლიბანის შარშანდელ შეიარაღებულ კონფლიქტში ისრაელის სამხედრო წარუმატებლობა მით უფრო მოულოდნელი იყო, რომ ფაქტიურად მისი მოკავშირეები იყვენენ ისეთი არაბული სახელმწიფოები, როგორებიცაა ეგვიპტე, იორდანია და საუდის არაბეთი. ნავთობის და გაზის მდიდარი საბადოებიდან მიღებული შემოსავალით გაზულუქებულ არაბ შეიხებს ებრაელებზე არანაკლებ აშფოთებთ შიიტური ჰეზბოლას გამარჯვება, რადგან ეს ირანის გაძლიერებას უწყობს ხელს.
არაბული სახელმწიფოების უმრავლესობას აბსოლუტურად კორუმპირებული, დიქტატორული რეჟიმები მართავენ, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობის უფრო ეშინიათ ვიდრე გარეშე მტრის.
ამერიკელი ნეოკონსერვატორების იდეა ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის დამყარების შესახებ თავად დასავლეთს შემოუბრუნდა ბუმერანგივით, რადგან პალესტინაში გამართულმა არჩევნებმა დაადასტურა რომ თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხალხი ისლმისტებს დაუჭერს მხარს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სულ მალე სადამ ჰუსეინი და იასერ არაფატი სანატრელი გაუხდება დასავლეთს, რადგან ხელისუფლების სათავეში ჰამასის და ჰეზბოლას მსგავსი პოლიტიკური პარტიების მოსვლას ვეღარაფერი დაუდგება წინ. ერაყში ამერიკელი ნეოკონსერვატორების მიერ წამოწყებული ომი რომ პოლიტიკური ავანტურა იყო დღეს აღარავისთვის აღარ წარმოდეგენს საიდუმლოს. ამას ავღანეთში გართულებული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციაც, ემატება. თალიბები უკვე თურქმენეთის საზღვრისპირა რაიონებშიც გააქტიურდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყნის სამხრეთზე, სადაც ყოველთვის ძლიერი იყო მათი პოზიციები. ასეთ ვითარებაში კი ნატოს წევრი სახელმწიფოები საფრანგეთი და გერმანის უარს აცხადებენ ავღანეთის სამხრეთში საკუთარი ჯარისკაცების გაგზავნაზე.
6 დღიანი ომიდან 40 წლის შემდეგ ისრაელს ახალი, უფრო ძლიერი და საშიში მოწინააღმდეგე გამოუჩნდა პალესტინური ჰამასის სახით, რომელმაც ღაზის სექტორიდან კუდით ქვა ასროლინა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მომხრეებს. ასე რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკული დემოკრატიზაციის პროცესი ბუმერანგივით უკან მოუბრუნდა დასავლეთს, რადგან სწორედ ამ ყბადაღებულმა დემოკრატიზაციამ ისლამისტებს ხელისუფლებისკენ მიმავალი გზა გაუხსნა და თუ პალესტინის მაგალითი გადამდები აღმოჩნდება არაბული სახელმწიფოებისათვის მაშინ ისლამური სახალიფოს შექმნა არცთუ ისე შორეული მომავლის საქმე გახდება.