ქართული კინოს დღეები ბერლინში

- 18-დან 30 აპრილამდე, ბერლინის ერთერთ კინოთეატრში “არსენალი” ქართული კინოს დღეები გაიმართა. წარმოდგენილი იყო 10-ზე მეტი ქართული ფილმი. ამგვარი კინოჩვენებები, როგორც წესი კინოს მოყვარულებისათვის, კინოს მცოდნეებისათვის იმართება ხოლმე. ჩვენების შემდეგ ავტორები დარბაზში მყოფი აუდიტორიის შეკითხვევს პასუხობდნენ, ჩვენების დასაწყისში კი მოხსენება წაიკითხა კინომცოდნე გოგი გვახარიამ. დღევანდელ გადაცემაში, სწორედ გოგი გვახარია გვიამბობს ქართული კინოს რეტროსპექტივის შესახებ, რომელიც ბერლინში გაიმართა. პირველ რიგში, საინტერესოა როგორი იყო გერმანელი მაყურებლის შეფასება? გოგი გვახარია – კინოცენტრს ჯერ პრესა არ მიუღია. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ყველასთვის მოულოდნელი წარმატება ქონდა ამ რეტროსპექტივას. ერიკა გრეგორმა, რომელიც ამ კინოთეატრის დირექტორი გახლავთ, თქვა, რომ თავიდან ამ ჩვენებას უფრო ფორმალური ხასიათი ქონდა, (რადგან ის თავად არის ქართული კინოს მოყვარული), და ფიქრობდნენ რომ წამგებიანი ღონისძიება იქნებოდა, და სწორედ ის იყო გაკრივებული რომ ამდენი ხალხი მოვიდა. - საქართველოში, ამ ქართული ფილმების პროგრამის შერჩევისას ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა იყო. ისედაც მწირი რესურსიდან, რომელიც ქართულ კინოს უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში აქვს, მაინც დარჩა უკმაყოფილების შეგრძნება, ზოგიერთ ფილმს ზედმეტად მიიჩნევდნენ და ზოგიერთს კი არსებულ პროგრამაში საერთოდ ვერ ხედავდნენ. მაგრამ ასეა თუ ისე, ბერლინში მაინც ეს 12 ფილმი წავიდა. რამდენად ასახავს ეს ფილმები უკანასკნელი პერიოდის ქართული კინოს და ამავე დროს უკანასკნელი დროის საქართველოს. გოგი გვახარია, საკუთარ მოსაზრებას და გერმანელი მაყურებლის შთაბეჭდილებას მოგვახსენებს. გოგი გვახარია – მე ვფიქორბ რომ არა ასახავს, ვფიქრობ აუცილებლად უნდა ყოფილიყო დოკუმენტური ფილმები, იმისათვის რომ არ გაჩენილიყო ისეთი კითხვები, როგორიც არის – რა ხდება დღეს საქართველოში? მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა არ იყო სრულყოფილი, მომეჩვენა რომ მაყურებელი დაკმაყოფილდა და იყო ძალიან კმაყოფილი. და ის ფილმები, რომელთა მიმართ ჩვენ გვაქვს კრიტიკულია აზრი, როდესაც გერმანელ მაყურებელთან ერთად უყურებ, თითქოს ეს კრიტიკული აზრი ისპობა. მაგალითად, როდესაც ზაზა ურუშაძის ფილმს უყურებდნენ, მათ მიაქციეს ყურადღება ისეთ დეტალებს, რომელსაც ჩვენ არ ვაქცევდით. მათ დასვეს კითხვა, ვინმე სხვა რეჟისორს აქვს ნაჩვენები ის რაც ზაზამ აჩვენა? როგორ აიყარეს დუხობორებმა და დატოვეს საქართველო? და მართლაც ამ საკითხზე ზაზა ურუშაძის გარდა, არავის გაუკეთებია ფილმი. - კინო ხელოვნება, სხვა დარგებთან შედარებით, ყველაზე მეტად ასრულებს ქვეყნის, ისტორიის დოკუმნეტის ფუნქციას. თუკი წარმოდგენილი ფილმების მეშვეობით, გერმანელი მაყურებლისათვის ცოტა რამ იმაზე მეტად გახდა ცნობილი, ვიდრე ეს სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებების მიერ არის წარმოდგენილი, ეს ერთმნიშვნელოვნად სასიხარულოა. რადგან დროა, ქართული კინო არა მხოლოდ გარედან მოსული თემებით ინტერესდებოდეს ან კი ქვეყნის ზედაპირზე არსებული პრობლემების მემატიანე იყოს, არამედ იყოს მეტად თვითკრიტიკული და ნებისმიერი პრობლემის მიზეზს ეძებდეს.