ზვიად გამსახურდიას ნეშთის გადმოსვენებაზე თბილისში ჩეჩნები  ჯერჯერობით არ თანხმდებიან

საქართველოში საკმაოდ სკანდალური, თუ გაუგებარი ვითარება შეიქმნა დაკავშირებით საქართველოს პირველ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიასთან. როცა საკითხი რეალურად დადგა მის გადმოსვენებაზე ჩეჩნეთიდან გაირკვა, რომ დასაფლავების ადგილას გროზნოში, ჩეხოვის ქუჩაზე, ზვიად გამსახურდიას ნეშთი აღარ იმყოფება.

გუშინ საღამოს კი მთელმა საქართველომ ტელეეთერის მეშვეობით მოუსმინა ლონდონში მცხოვრები ახმედ ზაკაევის ( ასლან მასხადოვის რწმუნებულის ევროპაში ) განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ზვიად გამსახურდია და ჯოხარ დუდაევი ჩეჩენმა პატრიოტებმა ერთად გადაასვენეს და მათი საფლავის ადგილსამყოფელი მხოლოდ რამდენიმე სანდო ადამიანისთვის არის ცნობილი. რაც სამშობლოში პირველი პრეზიდენტის გადმოსვენებას ეხება, ახმედ ზაკაევის თქმით , ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩეჩნეთი რუსეთისგან განთავისუფლდება. მისივე ვარაუდით ეს მაქსიმუმ 2 წელიწადში მოხდება.

რა ზომებს მიმართავს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახი, რამდენიმე თვის წინ შექმნილი სახელმწიფო კომისია, რომელსაც პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობს ? - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველი გიორგი კერვალიშვილი გვესაუბრება , რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გახდება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება.