ერაყის უშიშროების უწყება აცხადებს, რომ დღეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტალ აფარში კამიკაძის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ ინფორმაციით, მეორე ტერაქტი ბაღდადიდან სამხრეთით მდებარე დაბა მაჰმუდიაში განახორციელეს. აქ ბენზინგასამართ სადგურთან, მანქანაში ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას, 1 კაცის სიცოცხლე შეეწირა. დაჭრილია 3 ადამიანი.
ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაღდადის სუნიტთა გამაგრებულო უბანში, ჰაიფას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, ერაყელმა და ამერიკელმა სამხედროებმა 50-მდე მოთარეშე გაანადგურეს.
ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ ტალაბანიმ განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინის თანამზრახველების ბარზამ იბრაჰიმისა და ავად ჰამე ალ-ბანდარის სიკვდილის დასჯა უნდა აუცილებლად გადაიდოს. სიკვდილმისჯილების ჩამოხრჩობა უახლოეს დღეებში იყო დაგეგმილი, თუმცა კონკრეტული თარიღის შესახებ არაფერია ცნობილი.