ავღანეთის სამხრეთში ველოსიპედზე მჯდარმა კამიკაძემ თავი აიფეთქა

ავღანეთის სამხრეთში ველოსიპედზე მჯდარმა კამიკაძემ თავი აიფეთქა ავღანელი ბავშვების ჯგუფში, როდესაც მათ ნატოს ჯარისკაცები რვეულებს და საწერკალამებს ურიგებდნენ. ამ ტერაქტის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა და 25 ადამიანი დაშავდა, რომელთა უმრავლესობა ბავშვები არიან.

ნატო არაფერს იტყობინება დაღუპული ჯარისკაცების წარმომავლობის შესახებ, თუმცა ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით ისინი კანადელები იყვნენ. ყანდაარის პროვინციის პანჯვაის რაიონში მომხდარ ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ნატოს სარდლობის მტკიცებით მათ ავღანეთის ჯარების დახმარებით მოახერხეს თალიბანის მოთარეშეების გაძევება აღნიშნული რაიონიდან.

ოპერაცია “მედუზა” ნატოს მიერ ავღანეთში ჩატარებული ყველაზე უფრო მასშტაბური ლაშქრობა იყო, რომლის დროსაც 500-მდე თალიბი მოთარეშე გაანადგურეს.