ემზარ კვიციანის ადგილსამყოფელის დადგენაში დახმარებისთვისშსს ფულადი ჯილდო დააწესა !
ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ ანტიკრიმინალური ოპერაცია კოდორის ხეობაში მალე დასრულდება, ხოლო ემზარ კვიციანი 60-მდე თანამებრძოლთან სამართალდამცავებს სოფელ აჟარასთან ალყაში ჰყავთ მოქცეული. გენერალურ პროკურატურაში კვიციანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მას ბრალს სამშობლოს ღალატის მუხლით წაუყენებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით შსს საპოლიციო ოპერაციას ახორციელებს ორგანიზებული დანაშაულის, ამბოხებული კრიმინალური ჯგუფის წინააღმდეგ. საქართველო არ არღვევს 1994 წლის 14 მაისს ხელმოწერის „შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“.
რას გულისხმობს აღნიშნული 1994 წლის შეთანხმება ? ამ კითხვით რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მივმართე : - 1994 წლის ხელშეკრულება ეხება დე-ფაქტო საზღვრის გასწვრივ, ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურ რეჟიმს, რომლის უზრუნველყოფა დავალებული აქვთ სამშვიდობო ძალებს და რომლის მიხედვითაც სამხედრო შენაერთების გადაადგილება ამ ტერიტორიაზე დაუშვებელია...“.
კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკელებმა, კონსერვატორებმა, ლეიბორისტებმა, მრეწველებმა, სახალხო ფორუმმა, თავისუფლებამ - ერთობლივი განცხადება გააკეთეს, ხეობაში განვითარებული მოვლენები ავანტიურად შეაფასეს , ციტატა -... საქართველომ ხეობაში უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პლაცდარმის ნაცვლად შეიძლება მიიღოს დესტაბილიზაციის კიდევ ერთი კერა, რომელიც კვიციანის გაუვნებელყოფის შემდეგაც შესაძლოა იქცეს უფრო მასშტაბური პრობლემების კატალიზატორად.
საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ფენების ინტერესების გამომხატველი პარტიები მოვახერხებთ დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად პოლიტიკური პროცესების წარმართვას და კონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილების ტრადიციის დამკვიდრებას...“.
რას გულისხმობს ოპოზიცია განცხადების ბოლო ფრაზაში, ამ კითხვით ერთერთ ხელმომწერს, ზვიად ძიძიგურს მივმართე : - ამაში ჩვენ ვგულისხმობთ სერიოზული ღონისძიებების დაგეგმვას, მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ რიგი ღონისძიებების ჩატარებას... ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს!
პარლამენტის შენობის წინ დღესაც ხალხი შეიკრიბა , პლაკატებით „ ხელისუფლებავ! შეწყვიტე საკუთარი ხალხის ხოცვა! მწერალმა ერეკლე საღლიანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა :
- შეწყდეს სისხლისღვრა! საკუთარ ხალხთან იარაღით ლაპარაკი დაუშვებელია !