„2-ში ჩამოვდივარ“ - ბევრი „თუ“ სააკაშვილის მორიგ დაპირებაში

მიხეილ სააკაშვილი 2013 წლიდან საქართველოში აღარ ყოფილა

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი უჭირავს, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სამშობლოში ბრუნდება.

ექს-პრეზიდენტმა, რომელიც 2013 წლიდან სამშობლოში არ ყოფილა, მეტი დამაჯერებლობისთვის, მორიგ დაპირებას, ამჯერად თვითმფრინავის ბილეთის ჯავშანიც დაურთო.

ავიაბილეთის ჯავშნის მიხედვით, სააკაშვილი დედასთან - გიული ალასანიასთან ერთად, კიევიდან თბილისში, 2 ოქტომბერს, 23:05 წუთზე უნდა ჩამოფრინდეს. ამ დროისთვის, წესით, საქართველოში უკვე ცნობილი უნდა იყოს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები.

Your browser doesn’t support HTML5

ბაკურ კვაშილავა სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე

„თუ ჩამოვა, ეს ჩემი აზრით, გამოიწვევს რადიკალიზაციას, მაგრამ არა მგონია, რომ ამან გამოიწვიოს მასობრივი გამოსვლები“ - მიაჩნია პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას. მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების გარდა, სააკაშვილის ჩამოსვლა მასობრივ მობილიზაციას ვერ მოახდენს. ასევე ძნელი საფიქრებელია, თუ სამთავრობო რესურსი არ იქნა ბოლომდე გამოყენებული, რომ მეორე მხარეს ასევე სპონტანურად გამოვიდეს ხალხი, ვისაც მიშა არ უყვარს, მგონია, რომ ეს იქნება ხელისუფლების ორგანიზებული“ - გვითხრა ბაკურ კვაშილავამ.

არა მგონია, რომ ამან გამოიწვიოს მასობრივი გამოსვლები, „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების გარდა, სააკაშვილის ჩამოსვლა მასობრივ მობილიზაციას ვერ მოახდენს
ბაკურ კვაშილავა, პოლიტოლოგი


„სააკაშვილს დახვდება მასზე გაბრაზებული და გამწარებული ასიათასობით ადამიანი, ეს კაცი უკვე 8 წელია იმუქრება - ჩამოვა, ჩამოვა. არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია, იცის, რომ ციხეში შევა“ - განაცხადა დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს, თუ იგი თბილისში ჩამოსვლას გაბედავს, ბორკილებს თვითმფრინავის ტრაპზევე დაადებენ.

მოსაზრებას, რომ საქართველოში ჩამოსვლით სააკაშვილი გააძლიერებს ოპოზიციას არ იზიარებს პოლიტოლოგი გია ნოდიაც. „ბილეთი რომელიც მან აჩვენა ხალხს ნიშნავს, რომ ის უნდა ჩამოვიდეს არჩევნების შემდეგ, შესაბამისად, სათუაო, რომ ამან გააძლიეროს ოპოზიცია. ანუ ეს შეეხება უკვე არჩევნების შემდგომ მოვლენებს და რაღაც საპროტესტო გამოსვლებს, რომლის მობილიზაციას შეიძლება შეუწყოს ხელი სააკაშვილმა" - ამბობს იგი.

"კი შეიძლება შეუწყოს ხელი მობილიზაციას, ჯერ ერთი, თუ ჩამოვა და მერე, თუ ჩამოუშვებენ ტრაპიდან. ძაან ბევრი „თუ“ არის, თუ ჩამოვა, თუ არ დააპატიმრებენ, თუ ბევრი ხალხი დახვდება. ასე რომ საკმაოდ რთული სპეკულაციების თემაა“ - ამბობს გია ნოდია.

Your browser doesn’t support HTML5

გია ნოდია სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე

მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საქართველოს 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე დატოვა, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელ სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობაში მონაწილე პირების შეწყალების დროს, „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო“, 2018 წელს დაუსწრებლად, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ძალიან ბევრი „თუ“ არის, თუ ჩამოვა, თუ არ დააპატიმრებენ, თუ ბევრი ხალხი დახვდება, ასე რომ საკმაოდ რთული სპეკულაციების თემაა
გია ნოდია, პოლიტოლოგი


ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემის ფაქტზე, სააკაშვილი ასევე დაუსწრებლად, „ძალადობითა და იარაღის გამოყენებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა“ და „ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების მუხლებით“ გასამართლდა და 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის, პატარკაციშვილებისთვის ქონების ჩამორთმევისა და ე.წ პიჯაკების საქმეებზე, სააკაშვილის წინააღმდეგ, სასამართლო განხილვები ჯერ კიდევ გრძელდება, „ტელეიმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე სააკაშვილის წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

“საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი ავიღე ბილეთი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადაჩენაში“ - ამბობს ვიდეო მიმართვაში ექს-პრეზიდენტი.

2013 წლიდან, სააკაშვილს 20-მდე მიმართვა აქვს საქართველოში დაბრუნების თაობაზე საჯაროდ გავრცელებული, თუმცა, ჩამოსვლა იქ, სადაც ავტომატურად ციხე ელის, ჯერჯერობით, ექს-პრეზიდენტმა აქამდე ვერ გაბედა.

თბილისი-კიევის ავიაბილეთის ჯავშნის ასლი, რომელიც სააკაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა