NDI-ს კვლევა: გამოკითხულთა 45% -ისთვის, მთავარი საკითხი სამუშაო ადგილებია

გამოქვეყნდა NDI-ს კვლევის შედეგები, რომელიც 2020 წლის, 17-24 დეკემბერს ჩატარდა.
გამოკითხულთა აზრით, პირველი პრიორიტეტი სამუშაო ადგილებია. “სამართლიანი არჩევნები” კი “სხვა” საკითხებთან ერთად, ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
გამოკითხულთა 45% -ისთვის, მთავარი საკითხი სამუშაო ადგილებია. 37% -ისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი სიღარიბეა. 31% ასეთ საკითხად ფასების ზრდას და ინფლაციას მიიჩნევს. ტერიტორიული მთლიანობა 22 პროცენტისთვისაა მთავარი საკითხი, 16 % ასეთ საკითხად კორონავირუსს მიიჩნევს.

ასევე ნახეთ: NDI: ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა განიხილოს საჩივრები, ხელახლა დაითვალოს ხმები და განმეორებით დანიშნოს არჩევნები სადაც საჭიროა 


სამართლიანი არჩევნები 2 პროცენტს მიაჩნია მნიშვნელოვან საკითხად. “სამართლიანობის აღდგენა”, “სასამართლო სისტემა”, “სიტყვის თავისუფლება” და “კორუფცია” პრიორიტეტულად 2-მა პროცენტმა დაასახელა.
კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ წინა კვლევებთან შედარებით, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს წევრობის მომხრეთა რიცხვი გაიზარდა.
ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, 80-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, 8 პროცენტისთვის ის მიუღებელია. 12 პროცენტს კი პოზიცია არ გააჩნია. 2020 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვით, ევროკავშირის წევრობას 76% ემხრობოდა.
ნატოს წევრობასთან დაკავშირებით, დადებითი პასუხი გასცა 74-მა პროცენტმა, უარყოფითი - 9 პროცენტმა. პოზიცია 16 პროცენტს არ გააჩნია.
ცესკოს მუშაობას “კარგად” და “ძალიან კარგად” გამოკითხულთა მხოლოდ 24 პროცენტი აფასებს. ცესკოს მუშაობით უკმაყოფილოა ოპოზიცია. ბოლო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და ბევრი მათგანი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.
დაბალი შეფასების მიუხედავად, “ლიდერების და ინსტიტუტების” შეფასებებში ცესკო მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა, მის მუშაობას 46 პროცენტი “კარგად”, 17 პროცენტი კი “ცუდად” აფასებს.

ასევე ნახეთ: NDI: დარღვევებმა არჩევნების წინ მიღწეული წინსვლა გადაფარა



ცესკოზე ცუდი მაჩვენებელები ჰქონდა პარლამენტს - “კარგი” – 15%, “ცუდი” – 34%. პრეზიდენტს - “კარგი” – 14%, “ცუდი” – 35%, სასამართლოებს - “კარგი” – 13%, “ცუდი” – 29%.
2019 წელთან შედარებით, პრემიერის საქმიანობას დადებითად 2-ჯერ მეტი ადამიანი აფასებს, 46% წინა წლის 21% პროცენტთან შედარებით.
პრეზიდენტის საქმიანობის “ცუდად” შეფასება 54 პროცენტიდან 36 პროცენტამდე შემცირდა.
პარლამენტის საქმიანობის “ცუდად” შეფასებაც თითქმის 2-ჯერ შემცირდა, 57-დან 34 პროცენტამდე.
სასამართლოს საქმიანობა კი თითქმის 1.5-ჯერ ნაკლებად შეფასდა, როგორც “ცუდი”. 45 პროცენტიდან 29 პროცენტამდე.
კვლევა NDI-ის დაკვეთით და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის დაფინანსებით, “CRRC საქართველომ”, შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით ჩაატარა.
გამოიკითხა 2053 პირი და საშუალო ცდომილება 1,1 პროცენტია.