ისრაელის თავდაცვის არმიის რადიო „გალეი“ იტყობინება, რომ ისრაელმა სირიაში 250-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში.
თავდასხმა განხორციელდა სამხედრო ბაზებზე, ათეულობით ავიაგამანადგურებელზე, საჰაერო-სარაკეტო სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და რაკეტების საწყობებზე, ნათქვამია ცნობაში.
ეს მაჩვენებელი ასევე დააფიქსირა ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიამ (SOHR), რომელიც ლონდონში მდებარეობს. მისი თქმით, ბოლო 48 საათის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალების დაბომბვის შედეგად განადგურდა ბაშარ ალ-ასადის დამხობილი რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები, მათ შორის, საჰაერო ბაზები ჰამის, ჰომსის პროვინციებში, ასევე ლატაკიაში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული.
ლატაკიასთან ისრაელმა დაარტყა საჰაერო თავდაცვის ობიექტს და დააზიანა სირიის საზღვაო ძალების ხომალდები, ასევე სამხედრო საწყობები. დამასკოსა და მის შემოგარენში დარტყმები მიმართული იყო სამხედრო ობიექტებზე, კვლევით ცენტრებზე და ელექტრონული ბრძოლის ცენტრებზე.
"აჟანს ფრანს პრესის" კორესპონდენტები სამშაბათს დილით დამასკოში ძლიერი აფეთქებების შესახებ იტყობინებიან. "როიტერისა" და "ალ არაბიას" წყაროების თანახმად, ისრაელმა დაარტყა სირიის უდიდეს საჰაერო ბაზებს და გაანადგურა სირიის საჰაერო ძალების თვითმფრინავები და ვერტმფრენები.
8 დეკემბერს ისრაელის სამხედროებმა 1973 წლის შემდეგ პირველად გადაკვეთეს დემილიტარიზებული სასაზღვრო ზონა და შევიდნენ ბუფერულ ზონაში ისრაელისა და სირიის პოზიციებს შორის მდებარე გოლანის სიმაღლეებზე, ასევე დაიკავეს „მიმდებარე სტრატეგიული პოზიციები“. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ასევე ნახეთ: გაეროს უშიშროების საბჭო ასადის დამხობის შემდეგ სირიის საკითხზე იმსჯელებსისრაელი 1967 წლის ომის დროს ოკუპირებულ გოლანის მაღლობებს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა მათ კვლავაც სირიის ტერიტორიად აღიარებს. ისრაელის ჯარები ახლა შევიდნენ იმ ადგილებში, რომლებიც თავად ისრაელსაც ოფიციალურად არ გამოუცხადებია საკუთარ ტერიტორიად.
ტელეარხ "ალ მედიანის" კორესპონდენტის ცნობით, ისრაელის ტანკებმა დამასკოდან 55 კილომეტრში მდებარე ქალაქ კუნეიტრამდე მიაღწიეს და სირიის დედაქალაქისკენ აგრძელებენ მოძრაობას. წყაროების ცნობით, ისინი ახლა დამასკოდან 20 კილომეტრით არიან დაშორებული.
ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა უარყო, რომ ისრაელის ჯარები სირიაში ბუფერული ზონის მიღმა ტერიტორიებზე შევიდნენ. „ეს არ შეესაბამება სიმართლეს“, - ციტირებს მის სიტყვებს ერთ-ერთი ადგილობრივი მედია.
სირიის ოპოზიციაში, რომელმაც დამასკო და ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აიღო, სერიოზულ როლს თამაშობენ ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ აპირებენ ისრაელთან დაპირისპირების გაგრძელებას. მათ შორის არის ყველაზე დიდი ჯგუფი, „ჰაიათ თაჰრირ ალ შამი“, რომელიც შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.