კონგრესმენი უილსონი: "ქართული ოცნება" კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს

ჯო უილსონი, იანვარი, 2023 წელი.

ამერიკის კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ ესაა პასუხი საქართველოს "დე-ფაქტო მთავრობის" მიერ ქართველი აქტივისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე.

"საქართველოს დე-ფაქტო მთავრობამ დემოკრატიაზე ყოველგვარი პრეტენზია უკუაგდო და ახლა უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება საკუთარ სახლებსა და სამსახურებში დაიწყო. არ შეცდეთ, "ქართული ოცნება" კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს", - ამბობს კონგრესმენი.

ჰელსინკის კომისია კონგრესში არსებული ორპარტიული კომისიაა, რომელიც ორივე პალატის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაა დაკომპლექტებული. მისი ყურადღების უმთავრესი საგანი მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევებია.

"ამერიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი, რათა დასაჯოს ისინი, ვინც უდანაშაულო ქართველების წინააღმდეგ ძალადობაში და სისასტიკეშია ჩართული. თუკი ახლა არ ვიმოქმედებთ, "ქართული ოცნება" გააგრძელებს თავისი ძალადობის კამპანიისა და სისასტიკის ესკალაციას იმ ეტაპებამდე, რაც ათწლეულებია ქვეყანაში არ გვინახავს", - ამბობს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, პერონალური სანქციები დააწესოს.

"სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც ამ დარბევის ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი. მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებსაც, გააკეთონ იგივე", - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, სპეციალური სამსახურები დემონსტრანტებსა და ოპოზიციის ლიდერებს, აქტივისტებს ძალის გამოყენებით შლიან და აკავებენ.