სეული: რუსეთში მყოფი ჩრდ. კორეელი ჯარისკაცეები შესაძლოა ფრონტისკენ მიემართებოდნენ

ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი მაღალი რანგის სამხედრო ოფიციალური პირი და ჯარი, რომელიც გაგზავნილია რუსეთში უკრაინის ომში საბრძოლველად, შესაძლოა ფრონტის ხაზზე გადავიდნენ, - განაცხადეს სამხერეთ კორეელმა კანონმდებლებმა მას შემდეგ, რაც დაზვერვის სააგენტოს ანგარიში მიიღეს.

კანონმდებლებს მოქმედების ვადები არ დაუსახელებიათ, მაგრამ ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ნატომ დაადასტურა, რომ ფხენიანი რუსეთში ჯარებს აგზავნიდა და თქვა, რომ სამხედრო ნაწილები განლაგდნენ რუსეთის კურსკის რეგიონში, უკრაინის საზღვარზე.

ასევე ნახეთ: რუტე: ჩრდ. კორეიდან უკრაინაში სამხედროების გაგზავნა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს

სამხრეთ კორეის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის წევრმა, ლი სონგ-გვონმა, დაზვერვის სააგენტოს შეფასებაზე დაყრდნობით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსი სამხედროები, ჩრდილოეთ კორეელების რუსულ სამხედრო ტერმინოლოგიაში მომზადებას ცდილობდნენ.

„რუსი სამხედროები ჩრდილოეთ კორეის სამხედროებს 100-მდე რუსულ სამხედრო ტერმინს ასწავლიდნენ, როგორიცაა „დაბრუნდი შენს პოზიციაზე“, „ცეცხლი“ და „გაშვება“... მაგრამ, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებს უჭირდათ [გაგება],“ დასძინა ლიმ. რომელმაც თქვა, რომ სამხრეთ კორეის დაზვერვის სააგენტოსთვის გაუგებარია, მოგვარდება თუ არა კომუნიკაციის საკითხები.