"ვუთხარით ჩვენი გეგმები" - ოპოზიცია დიპლომატებს შეხვდა

ფოტო საპროტესტო აქციიდან, რომელიც პარლამენტის წინ იმართება. თბილის, 28 ოქტომბერი, 2024.

თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის შეკრების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდნენ.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ელჩებს თავიანთი პოზიცია და გეგმები გააცნეს.

ასევე ნახეთ: კარდინი: ვაგრძელებ არჩევნების შემდომი გარემოს მჭიდრო მონიტორინგს

"ვუთხარით ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, როგორ ვაპირებთ დავადასტუროთ ეს მასობრივი გადაწერა შედეგების, რაც მოხდა. თქვენ ხედავთ გამოხმარებას, რომ ფაქტობრივად, არავინ არ ცნობს ამ შედეგებს, რომელიც არის. შეხვედრაზე მოგვისმინეს, კითხვები დასვეს, მათთვის აბსოლუტურად გასაგებია ჩვენი პოზიცია. მათი ფუნქციაა დედაქალაქებს გადასცენ ჩვენი პოზიცია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათ აქვთ დიპლომატების მხარდაჭერა:

"მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მთელი დიპლომატიური კორპუსი, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ახლა, როგორც არასდროს, იქნება ქართველი ხალხის მხარ და მხარ, ვინაიდან არავის არ სჯერა, რაც გააკეთა [ბიძინა] ივანიშვილმა".

"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ დიპლომატებთან შეხვედრის ინიციატივა ოპოზიციას ეკუთვნის და ამან "დიდი ინტერესი" გამოიწვია.

"ჩვენ ტყუილად არ ვეძახით ამას სპეცოპერაციას, ეს სპეცოპერაცია იყო. ყველა არჩევნებზე, სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ გაყალბებას. ეს არ იყო გაყალბება 1-2%-ით, ეს იყო მასიური, სისტემური ხმების მითვისება", - თქვა მან. კითხვაზე, რამდენი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა შეხვედრას, ხაზარაძე ამბობს, რომ ზუსტი რაოდენობა არ იცის, თუმცა "ოთახი სავსე იყო".

ასევე ნახეთ: კონგრესმენი უილსონი: ვაფრთხილებ "ქართულ ოცნებას", არ იძალადოს პროტესტის გასაჩუმებლად

ცოტა ხნის წინ, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" შევიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ორბანი ამავე სასტუმროში განთავსდა და უკვე ხვალ, 29 ოქტომბერს მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.