ცაჰკნა: "ამ არჩევნებმა გააღრმავა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული განვითარების თაობაზე"

მარგუს ცაჰკნა- ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ეს არის ისტორიული არჩევნები და მისი შედეგები აჩვენებს დაბრუნდება თუ არა საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე თუ წავლენ უფრო ღრმა ავტორიტარიზმისკენ", - ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

"როცა ამ გაზაფხულზე თბილისში ვიყავი, ვნახე ათობით ათასი ადამიანი, რომელიც უპირისპირდებოდა მმართველ პარტიასა და პოლიციას. ყველას გვახსოვს საქართველოს მთავარი ქალაქების ევროკავშირის დროშებით გადავსებული ქუჩები. როგორც ადგილობრივი, ისე ეუთო/ოდირის დამკვირვებლების შეფასებები იყო კრიტიკული იმის თაობაზე, თუ როგორ ჩატრდა არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი. ამ არჩევნებმა გააღრმავა საქართველოს დემოკრატიული განვითარების თაობაზე არსებული შეშფოთება.

აღსანიშნი მაგალითები, რომლებიც დამკვირვებლებმა ჩამოთვალეს, მოიცავდა უცხოეთის გავლენის შესახებ კანონს, რომელიც დისკრიმინაციულია სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მესიის მიმართ; პარტია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება ოპოზიციის აკრძალვის შესახებ და კრემლის პროპაგანდის მსგავსი ბრალდებები იმის თაობაზე, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს. დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ მმართველ პარტიას და ოპოზიციურ პარტიებს არათანაბარი შესაძლებლობები ჰქონდათ არჩევნების წინ. არსებული ცნობები აჩვენებს ფართოდ გავრცელებულ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას: პერსონალური ინფორმაციის უკანონო შეგროვებას, ყუთში ბიულეტენების ჩაყრას და ადამიანების მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემას, ასევე დამკვირვებლების მუშაობისთვის ხელის შეშლას და საარჩევნო უბნებიდან მათ გამოგდებასაც კი. ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ, რომ ყველა ეს საჩივარი მიუკერძოებლად და დაუყოვნებლივ იქნება გამოძიებული", - ამბობს ესტონეთის პირველი დიპლომატი და დასძენს, რომ დასავლეთში ყურადღებით აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას.

"საქართველოს მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება არჩევნების შემდგომი პერიოდი, იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები გადადგმული ევროპული ღირებულებების და ნორმების პატივისცემით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო პერიოდი იყოს მშვიდობიანი, ძალადობის გარეშე, და აქ ხელისუფლებას განსაკუთებული პასუხისმგებლობა აკისრია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას და განვაგრძობთ დემოკრატიისკენ საქართველოს გზის მხარდაჭერას", - ამბობს მარგუს ცაჰკნა "ამერიკის ხმისთვის" გაგზავნილ წერილში.