თურქეთის თავდაცვის მინისტრი: "თურქეთი ნატოს ერთგულია"

იმ დროს, როდესაც ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე შეშფოთებულია, რომ შესაძლოა ანკარა დასავლეთს შორდება, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ მისი ქვეყანა ნატოს მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობების სრულად ერთგულია.

გასულ თვეში, პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან პარტნიორობა სურს. შანხაის ორგანიზაცია - უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური კლუბი - 2001 წელს რუსეთმა, ჩინეთმა და შუა აზიის ქვეყნებმა, დასავლური ალიანსების საპირწონედ დააფუძნეს.

ასევე ნახეთ: ამერიკამ თურქეთს, რუსული რაკეტების შესყიდვის გამო, სანქციები დაუწესა

თავდაცვის მინისტრმა იასარ გიულერმა წერილობით ინტერვიუში თქვა, რომ თურქეთის ნატოში წევრობა მას ხელს არ უშლის შანხაის ორგანიზაციასთან ურთიერთოები განავითაროს.

ანკარის ინტერესმა „ბრიქსის“ ჯგუფის ქვეყნების მიმართ და რუსეთთან მეგობრულმა კავშირებმა, კერძოდ ენერგეტიკის, ტურიზმის და თავდაცვის სფეროში, დასავლეთის ქვეყნებში წარმოშვა შიში, რომ შესაძლოა ალიანსების მიმართ თურქეთის მიდგომა იცვლებოდეს, თუმცა ანკარამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოს ერთგულ მოკავშირედ რჩება.

2019 წელს რუსული ანტისაჰაერო S-400 სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების და F-35 ავიაგამანადგურებლის პროგრამიდან გათიშვის შემდეგ, ანკარა ცდილობდა ვაშინგტონისგან F-16 ავიაგამანადგურებლები და მოდერნიზაციის კომპლექტები მიეღო. ეს გარიგება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც თურქეთი შვედეთის ნატოში მიღებას დაეთანხმა.

გიულერმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ზავის მიმართ „დაბალანსებულ და აქტიურ მიდგომას“ აგრძელებს და დაამატა, რომ ცეცხლის შეწყვეტა პრიორიტეტი უნდა იყოს.