16 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დაწყების 16 წლის თავზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, ევროკავშირი, მეგობარი ქვეყნების ოფიციალური პირები და საგარეო უწყებები, საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ და რუსეთის აგრესიაზე საუბრობენ.

ევროკავშირი

“7 აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 16 წელი შესრულდება. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია”, - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

ასევე ნახეთ: 16 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან

ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

“ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების შედეგად. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მსხვერპლისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური ავრცელებს.

შეერთებული შტატების საელჩო

“შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - ნათქვამია რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ: ბლინკენი: რუსეთი საქართველოს 20 %-ის ოკუპაციას აგრძელებს, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს

საელჩო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს.

გერმანიის საელჩო

საქართველოში გერმანიის საელჩო რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

“გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ მიუღებელია”, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრიტანეთის საელჩო

გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

“დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა ე.წ. ბორდერიზაცია განაგრძო, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება. საქართველოში ისევე, როგორც უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა შეწყვიტოს და მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს“.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ომის წლისთავთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა რობერტა მეცოლამ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმაც:

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება.”

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი

„16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა. დაუსჯელობამ და დაშოშმინების პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური აგრესია კიდევ უფრო სასტიკი გახდა”, - აცხადებს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი.

ინგრიდა სიმონიტეს განცხადებით, “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერა ურყევია ისევე, როგორც ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი აირჩია. რუსეთი აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი.“

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

„16 წლის წინ, რუსეთის საქართველოში შეჭრა იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო, როდესაც უხეში ძალა საერთაშორისო სამართალსა და წესრიგს ფეხქვეშ თელავს. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერა ურყევი რჩება“, - აცხადებს გებრიელიუს ლანდსბერგისი.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ “ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას" გააგრძელებს.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.