ხუთშაბათს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის და მისი რესპუბლიკელი მეტოქე დონალდ ტრამპის სახელები ერთმანეთში აურია, მაგრამ დაჟინებით ირწმუნებოდა რომ ხელმეორედ არჩევისკენ გზას აგრძელებდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო მეტი მისი თანაპარტიელი დაჟინებით მოუწოდებს საარჩევნო კამპანია შეწყვიტოს.
81 წლის ბაიდენი, მსოფლიო არენაზე ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი საკუთარი გამოცდილების რეკლამას ახდენდა და ირწმუნებოდა, რომ შეუძლია ყოფილი პრეზიდენტი, 78 წლის ტრამპი დაამარცხოს და შეერთებულ შტატებს კიდევ ოთხი წლის ვადით უხელმძღვანელოს.
„ერთადერთი რამ, რასაც ასაკი აკეთებს ისაა, რომ თუ ყურადღებით იქნები, ცოტაოდენ სიბრძნეს ქმნის“, თქვა ბაიდენმა, რომელიც უკვე არის ყველაზე ხნიერი პირი, რომელიც ოდესმე პრეზიდენტი ყოფილა.
ასევე ნახეთ: დემოკრატთა ნაწილის შეშფოთების მიუხედავად, ბაიდენი საარჩევნო კამპანიას აგრძელებსორი კვირის წინ შემდგარ საპრეზიდენტო დებატებში სუსტად გამოსვლის შემდეგ, ბაიდენი დონორების, მხარდამჭერების და თანაპარტიელი დემოკრატების მზარდი ეჭვების წინაშე აღმოჩნდა, რომლებიც დარწმუნებული არ არიან, რომ მას 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების უნარი აქვს.
სავარაუდოდ მის საქმეს ისიც არ დაეხმარა რომ ერთსაათიანი პრეს-კონფერენციის დასასრულს, თავისი ვიცე-პრეზიდენტის და რესპუბლიკელი მეტოქის სახელები ერთმანეთში აერია.
სააგენტო „როიტერის“ კითხვაზე, თუ ჰარისში რამდენად იყო დარწმუნებული ბაიდენმა თქვა: „შეხედეთ, ვიცე-პრეზიდენტ ტრამპს ვიცე-პრეზიდენტად არ ავირჩევდი, თუ მას (აქ მან მდედრობითი სქესის ნაცვალსახელი „მას“ გამოიყენა) პრეზიდენტობის საჭირო უნარები არ ექნებოდა. ამიტომ ამით დავიწყოთ.“
პრეს-კონფერენციის დასასრულისთვის პრეზიდენტი თავის პასუხებს ხშირად და ხანდახან გაუგებრად გამოთქვამდა და პასუხების ბოლოს, აზრის დასრულებამდე, ხშირად თემას ცდებოდა ხოლმე. იმავდროულად, მან დეტალური პასუხები გასცა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ისრაელ-ღაზის კონფლიქტი და იმის საჭიროება, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის და ჩინეთის საპირწონედ მეტი სამხედრო შეიარაღება აწარმოონ.
ამაზე რამდენიმე საათით ადრე, ვაშინგტონში ნატოს სამიტზე, ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოიხსენია როგორც „პრეზიდენტი პუტინი“, რასაც დამსწრეების მხრიდან გაოცების ამოოხვრა მოჰყვა.
წარმომადგენელთა პალატის 213 დემოკრატიდან სულ ცოტა 16-მა და სენატის 51 დემოკრატიდან ერთმა, პრეზიდენტს საჯაროდ მიმართა თხოვნით, რომ საარჩევნო რბოლას გამოეთიშოს.
ბაიდენმა თქვა, რომ ჯანმრთელობის მხრივ კარგ ფორმაშია და თუ მისი ექიმები ურჩევენ, კიდევ ერთ ნევროლოგიურ შემოწმებას გაივლის, რათა მისი მენტალური სიმახვილე დადგინდეს.