წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, დემოკრატი კანონმდებელი ნენსი პელოსი ჯო ბაიდენს მოუწოდებს დაფიქრდეს და მიიღოს გადაწყვეტილება, რა როლს ითამაშებს ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ნოემბერშია დაგეგმილი.
”მე მინდა, რომ მან გააკეთოს ის, რასაც გადაწყვეტს”, - თქვა პელოსიმ სატელევიზიო შოუ "მორნინგ ჯოში", რომელზეც "ნიუ-იორკ" თაიმსი წერს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის საყვარელი შოუა.
როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, ნენსი პელოსი ფრთხილი იყო განცხადების გაკეთებისას, ეს მაშინ როცა ბევრი დემოკრატი ან დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი პირდაპირ მოუწოდებენ ბაიდენს მოხსნას კანდიდატურა და არ იყაროს კენჭი პრეიზდენტობის მეორე ვადისთვის.
ასევე ნახეთ: ბაიდენი: "ამერიკელთა ორპარტიულ უმრავლესობას ესმის, რომ ნატო აშშ-ს უფრო უსაფრთხოს ხდის"ამერიკული მედიის ნაწილი წერს, რომ ჯო ბაიდენის ახლო მეგობრისა და მოკავშირის, ნენსი პელოსის ამ განცხადების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მსგავსი ტიპის შინაარსის განცხადებას სხვა დემოკრატი კანონმდებლებიც გააკეთებენ.
გამოცემა Axios წერს, რომ სენატორი "ჩაკ შუმერი მზად არის ჩამოიცილონ ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში". ერთ-ერთი პირველი დემოკრატი სენატორი რომელმაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საარჩევნო მარათონში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა პიტერ უელჩი იყო.
ამერიკული მედიის ნაწილი წერს, რომ ნატოს ვაშინგტონის საიუბილეო სამიტის შემდეგ შესაძლოა დემოკრატიული პარტიის ლიდერების ერთობლივი წერილი გავრცელდეს, სადაც ისინი მოუწოდებენ ჯო ბაიდენს გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რბოლას.
ჯო ბიდენს საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვისკენ მოუწოდა, ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯორჯ კლუნიმაც.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთხელ თქვა, რომ ჯო ბაიდენი აგრძელებს საარჩევნო კამპანიას და არ გეგმავს კანდიდატურა მოხსნას. ამერიკის მოქმედმა 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი აღნიშნა, რომ ის აგრძელებს საარჩევნო კამპანიას და დარწმუნებულია, რომ ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში დონალდ ტრამპს მეორედ დაამარცხებს.