აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ილიას უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ძლიერი გულისტკივილი გამოთქვა საქართველოში აშშ-ის მიმართ გამოთქმულ დეზინფორმაციაზე. ელჩი ილიას უნივერსიტეტში დაესწრო პროექტ „საბჭოთა მეხსიერების“ პრეზენტაციას. პროექტი მოიცავს საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა ზეპირ ისტორიებს.
აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ, მისი აზრით, შეუძლებელია „პროექტი ამაზე უფრო მნიშვნელოვან დროს დაწყებულიყო, ვინაიდან დეზინფორმაცია, ისტორიული რევიზიონიზმი ნამდვილად საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიებისთვის მთელ მსოფლიოში“.
„ჩვენ ამას ვხედავთ აქ, ვხედავთ ევროპაში, ვხედავთ ამას შეერთებულ შტატებში. ამდენად, ეს ინიციატივა, რომელსაც ჩვენ სიხარულით ვაფინანსებთ და ვამაყობთ კიდევ, რომ მისი დაფინანსებით წვლილი შეგვაქვს დეზინფორმაციასთან დაპირისპირებაში, ცდილობს დაუპირისპირდეს რუსულ დეზინფორმაციას, რუსულ ისტორიის რევიზიონიზმს და მოჰყვეს სიმართლე ისტორიასა და მომხდარზე. ჭეშმარიტი ნარატივი საქართველოს ისტორიასა და მის გამოცდილებაზე რუსეთის მმართველობის ქვეშ“, - თქვა დანიგანმა.
Your browser doesn’t support HTML5
მისი სიტყვებით, პროექტი შეახსენებს ყველას, რომ საბჭოთა რეჟიმი ქართველებს, რომლებიც ცდილობდნენ სიმართლის თქმას, უწოდებდა აგენტებსა და უცხოეთის აგენტებს. ელჩის სიტყვებით, ეს ისტორია არასოდეს უნდა მიეცეს დავიწყებას და აღარ უნდა განმეორდეს.
მან ილაპარაკა პროექტის მნიშვნელობაზე დღევანდელობასთან კავშირში.
„დღეს დეზინფორმაცია ყველას გვდევს თან და ჩვენ ვართ არასათანადოდ აღჭურვილი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. და, სამწუხაროდ, ეს ხდება აქ, საქართველოში. ვრცელდება დეზინფორმაცია იმაზე, თუ რას ნიშნავს ევროკავშირის წევრად გახდომა - დეზინფორმაციათაგან ერთი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ნიშნავს საკუთარ იდენტობაზე უარს, რაც სრული სიცრუეა. რაც უნდა გააკეთოთ, უბრალოდ უნდა გადაკვეთოთ ევროკავშირის საზღვარი და როდესაც თქვენ მიდიხართ ავსტრიიდან იტალიაში, კითხვაც არ რჩება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ შენარჩუნებული გაქვთ თქვენი კულტურული თვითმყოფადობა“.
რობინ დანიგანმა გულსაკლავი უწოდა დეზინფორმაციას, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ვრცელდება.
„ეს დეზინფორმაციის ერთი ასპექტია. სამწუხაროდ, არსებობს დეზინფორმაცია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე - ზოგი ირწმუნება, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია ან რომ ჩვენ ვცდილობდით ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, გვაქვს ბნელი ზრახვები და ამის მოსმენა გულსაკლავია".
ასევე ნახეთ: მაკფოლი: საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა შეუერთდეს სახელმწიფოთა მშვიდობიან საზოგადოებას, რატომ ამბობენ უარს ამაზე?ელჩის თქმით, 32 წლის განმავლობაში აშშ-მ საქართველოს 6 მლრდ დოლარის დახმარება გაუწია. შესაბამისად, გულსატკენი და იმედგამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც "განსხვავებული სურათის დახატვას ცდილობს, რაც ვიცით, რომ ტყუილია".
მან გაიმეორა, რომ აშშ ერთგული რჩება ქართველის ხალხის, მისი მისწრაფების, გახდეს ევროკავშირის წევრი და გააძლიეროს ევროატლანტიკური მიმართულებით სვლა.
„ეს მომავალია ჩადებული საქართველოს კონსტიტუციაში, ესაა მომავალი, რომლისთვისაც ჩვენ ერთად ვმუშაობდით ათწლეულების განმავლობაში და ესაა მომავალი, რომლის მხარდასაჭერადაც შეერთებული შტატები განაგრძობს მუშაობას ყველა შესაძლო გზით“, - თქვა რობინ დანიგანმა.
მან მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელებს, პროექტისა, რომელიც, მისი სიტყვებით, „გვეხმარება გვახსოვდეს, რაოდენ მნიშვნელოვანია სიმართლის თქმა დემოკრატიისთვის".
მმართველ პარტიაში ხშირად აცხადებენ, რომ თითქოს არსებობს და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს „გლობალური ომის პარტია", რომელიც საქართველოზე გავლენის აღსადგენად გეგმავს (წარუმატებელ) სახელმწიფო გადატრიალებებს - მიზანი, ხელისუფლებაში „აგენტურის“ დაბრუნება და ქვეყნის ომში ჩათრევაა.
ეს ნარატივი განსაკუთრებით გაძლიერდა აპრილის დასაწყისში, "აგენტების კანონის" ხელახლა ინიციირების შემდეგ. "აგენტების კანონი" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ ძალაში 3 ივნისს შევიდა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით.
Your browser doesn’t support HTML5