პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.
პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტების პაკეტი შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომელთა მეშვეობით ცვლილებები შედის სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.
პარლამენტის სპიკერმა მედიას გააცნო 19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ძირითადი ასპექტები:
1. ქორწინების საკითხი - დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.
2. შვილად აყვანის საკითხები - დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ შვილის აყვანა, რომლებიც თავიანთ თავს განსხვავებული სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები.
3. სქესის შეცვლის ოპერაცია - აიკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის მანიპულაციის გამოყენება.
4. სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი - აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა სახის დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
5. „პროპაგანდის აკრძალვა“ განათლების სექტორში - დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
6. ინფორმაციის გავრცელება - დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობების ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა.
ასევე ნახეთ: მილერი: ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ არ ვიყოყმანებთ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე
პაპუაშვილის განმარტებიდან ირკვევა, რომ „ოცნების“ კანონპროექტი ტელეეთერში ფილმების ჩვენების დროს ერთნაირსქესიანთა ინტიმური სცენების ამოჭრას ითვალისწინებს.
„პირობითად თუ ტელევიზიით გადის ფილმი და იქ არის სცენა ამ შინაარსით, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული და არგაშვებული“, - განმარტა პარლამენტის სპიკერმა.
7. შეკრება და მანიფესტაცია - დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
8. შრომითი ურთიერთობები, როგორც კერძო ისე საჯარო დაწესებულებებში - ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ.
პაპუაშვილის თქმით, 17 მაისს ოფიციალურად დაწესდება „ოჯახის სიწმინდისა და ოჯახის პატივისცემის დღე“ და ის უქმე დღედ გამოცხადდება.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ამიტომ, მოქმედი პარლამენტი დაამტკიცებს ახალ კანონსა და მისგან გამომდინარე ცვლილებებს.
„მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში [სრულდება 28 ივნისს] ამ კანონპროექტს განვიხილავთ პირველი მოსმენით და მივიღებთ პირველი მოსმენით. ხოლო საშემოდგომო სესიაზე [იხსნება 3 სექტემბერს] მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების წელს „არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება“. საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
ასევე ნახეთ: მაკფოლი: საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა შეუერთდეს სახელმწიფოთა მშვიდობიან საზოგადოებას, რატომ ამბობენ უარს ამაზე?რაც შეეხება ლგბტ უფლებების შემზღუდავ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ საკითხზე შექმნილმა საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა 16 მაისს დაასრულა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებენ პროექტის განხილვას პარლამენტში.
კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში (ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები) შესწორებას ითვალისწინებს. კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლში წერია:
1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
პროექტის თანახმად, ამ მუხლს დაემატება მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
პროცედურულად, სწორედ ამ შესწორების მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი ახალი კონსტიტუციური კანონის მიღება, რომლის ინიციატორიც ასევე საპარლამენტო უმრავლესობის 83 წევრია.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ერთდროულად დაიწყება ორივე პროექტის განხილვა. კონსტიტუციური კანონის პროექტი კი კენჭისყრაზე მხოლოდ კონსტიტუციის 30-ე მუხლში შესწორების შეტანის შემთხვევაში დადგება.
კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის (113 დეპუტატის) მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებას ორი მესამედით (100 ხმით) დაამტკიცებენ, ის მხოლოდ მაშინ ჩაითვლება მიღებულად, თუკი მომდევნო მოწვევის პარლამენტში ამავე რაოდენობის დეპუტატები მხარდაჭერას კიდევ ერთი კენჭისყრით დაადასტურებენ.