პუტინი ზელენსკის პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ძალაუფლების ლეგიტიმურობაზე საუბრობს. მას ჩინეთში ვიზიტისას, 17 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, იყო თუ არა პრობლემა ის, რომ უკრაინა არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას.

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, უკრაინაში რუსეთის ჯარი კიდევ ერთხელ შეიჭრა, ქვეყანაში საომარი ვითარებაა გამოცხადებული. ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის ვადა ოფიციალურად ამ თვეში იწურება. მაგრამ, ამ საგანგებო ვითარებაში კიევი არჩევნებს ვერ ატარებს. უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას დასავლელი პარტნიორებიც უჭერენ მხარს.

რუსეთში ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებად არ აღიარებენ, აცხადებენ რა, რომ ქვეყანაში შეზღუდულია დამოუკიდებელი მედია და პოლიტიკური ოპოზიცია. განსხვავებული ხედვის კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევათ. ვლადიმირ პუტინმა კი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ახალი საპრეზიდენტო ვადა დაეწყო, პოსტი ოფიციალურად მხოლოდ კონსტიტუციის შეცვლის საფუძველზე გაიხანგრძლივა. კრემლი წინასაარჩევნოდ რეპრესიული გარემოს შექმნის თაობაზე ყველანაირ ბრალდებას უარყოფს.

ასევე ნახეთ: კარა-მურზამ პულიცერის პრემია მოიპოვა

როდესაც ვლადიმირ პუტინს ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, იყო თუ არა ზელენსკის ლეგიტიმურობა პრობლემა, პუტინმა თქვა, რომ ეს უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს და პოლიტიკური სისტემის გადასაწყვეტია. მაგრამ, იქვე დასძინა, რომ ეს მნიშვნელოვანია რუსეთისთვისაც, რადგან თუკი ის უკრაინასთან მომავალში რაიმე შეთანხმებას მოაწერს ხელს, სურს დარწმუნებული იყოს, რომ მეორე მხარეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი ლეგიტიმური პირი იქნება ხელმომწერი.

"თუკი დოკუმენტების ხელმოწერა იქნება საჭირო, ჩვენ მათ ასეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან გარემოებაში ხელი უნდა მოვაწეროთ ხელისუფლების ლეგიტიმურ წარმომადგენლებთან", - თქვა პუტინმა.

ჩინეთში ვიზიტი, ახალი საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში, პუტინის პირველი საერთაშორისო ვიზიტია.