პარლამენტთან დაკავებულთა შორის აშშ-ის ორი მოქალაქეა, ერთი კი - რუსეთის

პოლიციამ დღეს, 13 მაისის დილით, პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

დაკავებულთა შორის აშშ-ის ორი მოქალაქეა, ერთი კი - რუსეთის.

„აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა“, - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს აღნიშნავს, რომ აშშ-ის ერთ-ერთმა მოქალაქემ უარი თქვა ვინაობის გამხელაზე და მოითხოვა საელჩოსთან დაკავშირება. დამატებით უწყება განმარტავს, რომ „დაკავების თაობაზე უკვე ეცნობათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებს“.

ასევე ნახეთ: საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს - მიხაილ როთი

დაკავებულთა შესახებ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ. დეპუტატებს მესამე მოსმენით საკითხის განსახილველად და მხარდასაჭერად 67 წამი დასჭირდათ - სხდომაზე შესვლა ვერ მოასწრო ოპოზიციამ.

უფრო ადრე, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მოქალაქეებისთვის გადაკეტა, ხოლო ჩიტაძის ქუჩა მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები ავტომანქანებით შევიდნენ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ეზოში. მათი გამოჩენისთანავე ისმოდა აქციის მონაწილეების შეძახილი: „მონებო! მონებო!“

Your browser doesn’t support HTML5

გაათენე საქართველოსთვის - 13 მაისის ღამე პარლამენტთან

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ.

კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.