ისრაელში მყოფი ბლინკენი ნეთანიაჰუსგან ღაზაში დახმარების უწყვეტად შეშვებას მოითხოვს

ოთხშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და კიდვე ერთხელ მტკიცედ მოსთხოვა, ღაზაში მეტი დახმარების შეტანა უზრუნველყოს. იმავდროულად, ის “ჰამასს” დაჟინებით მოუწოდებს მიიღოს შეთანხმება, რომლითაც შესაძლოა ბრძოლა შეაჩეროს და სექტორიდან ზოგიერთი მძევალი შინ დააბრუნოს.

შეერთებული შტატების პირველი დიპლომატისთვის, ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ტურში ბოლო გაჩერებაა. 7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, ეს კონფლიქტში ჩაფლულ რეგიონში ენტონი ბლინკენის მეშვიდე ვიზიტია.

ასევე ნახეთ: ისრაელი რაფაში იმის მიუხედავად შევა, მოხდება თუ არა შეთანხმება მძევლებზე

ბლინკენი ისრაელის სამხრეთში აშდოდის პორტსაც ეწვევა, სადაც ღაზისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთების მიღება დაიწყეს.

იერუსალიმში ნეთანიაჰუსთან დაახლოებით ორსაათნახევრიანი შეხვედრის დროს, ბლინკენმა დახმარების მიწოდებაში გაუმჯობესება აღნიშნა “და კიდევ ერთხელ გაიმეორა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ გაუმჯობესების დაჩქარება და შენარჩუნება”, - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა.

ბლინკენის ნეთანიაჰუსთან შეხვედრა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ გამოცემული მკაცრი გაფრთხილების შემდეგ ხდება, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს, თუკი ისრაელი სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების, ჰუმანიტარული გაჭირვებისა და დახმარების ორგანიზაციების მუშაკების უსაფრთხოების საკითხის გადასაწყვეტად ნაბიჯებს არ გადადგამს.

დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ბლინკენმა ასევე კიდევ ერთხელ გააჟღერა შეერთებული შტატების პოზიცია, რომ პალესტინური ისლამისტური ჯგუფი “ჰამასი”, რომელიც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევა, “ცეცხლის შეწყვეტის წინაღობაა”.

ამერიკელმა დიპლომატმა “ჰამასს” დაჟინებით მოუწოდა მიიღოს ეგვიპტელი შუამავლების მიერ შეთავაზებული, დროებითი ზავის “არაჩვეულებრივად დიდსულოვანი“ შეთავაზება, რომლითაც 33 მძევალი უფრო მეტი პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გათავისუფლდება და ბრძოლა დროებით შეჩერდება. ამასთანავე, იქნება შესაძლებლობა, ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად, მოგვიანებით შემდგომი ნაბიჯებიც გადაიდგას.