აზერბაიჯანი საერთაშორისო სასამართლოს, სომხეთის მიერ დისკრიმინაციის საქმის განხილვის დაწყებას სთხოვს

სამშაბათს, აზერბაიჯანმა გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს სთხოვა დაიწყოს საქმის განხილვა, რომელიც სომხეთს ბრალს ეთნიკური წმენდის კამპანიაში სდებს. ეს ერთია იმ ორი საპირისპირო საქმიდან, რომელიც ეთნიკური კონფლიქტის ათწლეულების განმავლობაში, დაპირისპირებულმა ქვეყნებმა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ წამოიწყეს.

სომხეთს და აზერბაიჯანს სურთ მიიღონ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება დაპირისპირებული მხარის წინააღმდეგ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება, კერძოდ კი ეთნიკური სომხებით დასახლებულ, აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღს.

1990-იანებში ომში ეთნიკურმა სომხებმა გაიმარჯვეს, რაც ყარაბაღიდან და მიმდებარე ადგილებიდან, ასობით ათასი აზერბაიჯანელის საკუთარი სახლებიდან გაქცევის მიზეზი გახდა. 2020 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. აზერბაიჯანმა სამხედრო გამარჯვებებით ყარაბაღზე კონტროლი დაიბრუნა და ათასობით სომეხი იქიდან გაიქცა.

ასევე ნახეთ: აზერბაიჯანი ჰააგის სასამართლოს მოუწოდებს არ განიხილოს სომხეთის საჩივარი

ორშაბათს, სომხეთმა საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს (ICJ) სთხოვა, აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილი საქმე, ტექნიკური მიზეზების საფუძველზე არ მიეღო. ერთი კვირით ადრე, აზერბაიჯანმა სომხეთის მიერ წარმოდგენილ საქმეზე სასამართლოს იგივე თხოვნით მიმართა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას წლები დასჭირდება და სასამართლოს მისი აღსრულების მექანიზმი არ გააჩნია.

სომხეთმა სარჩელი პირველად 2021 წელს შეიტანა და აზერბაიჯანს ბრალად სომხების წინააღმდეგ რასიზმს, მათ წინააღმდეგ სიძულვილის ენის დაშვებას და სომხური კულტურული ძეგლების განადგურებას სდებდა, რაც სომხური მხარის თქმით, ყველა ფორმის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის დარღვევას წარმოადგენს.

ერთი კვირის დაგვიანებით, აზერბაიჯანმა ერევნის წინააღმდეგ თავისი სარჩელი შეიტანა, რომლითაც ირწმუნებოდა, რომ 1990-იანების დასაწყისიდან 2020 წლამდე, სომხეთმა მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის კამპანია ჩაატარა.

ორივე ქვეყანა, მოპირისპირე მხარის ბრალდებებს უარყოფს.