ომბუდსმენი: არ არსებობს აქციის მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ხალხმრავალ აქციას ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს, შეკრების მონაწილეებს, კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში ხელი არ შეუშალოს.

ომბუდსმენის შეფასებით, ამ დროისთვის შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ იკვეთება, შესაბამისად, არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი.

ასევე ნახეთ: ზურაბიშვილი: საქართველო არ დანებდება ხელახალ გასაბჭოებას

სახალხო დამცველი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ აქცია "მშვიდობიან ხასიათს ატარებს" და მონაწილეები პროტესტს "მშვიდობიანი ფორმით" გამოხატავენ:

"შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს".

მიმდინარე აქციაზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავეს. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია - რადიო თავისუფლება შსს-ს პრესსამსახურიდან ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა დაკავებების დაწყებამდე გამაფრთხილებელი განცხადება ორჯერ გაავრცელა.

მანამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ხალხმრავალი პროტესტის ფონზე, დაახლოებით, 22:00 საათზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მხარი დაუჭირეს საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ასევე ნახეთ: პარლამენტის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა