ნატოში უკრაინის დახმარების 5-წლიანი გეგმის შემუშავებას აპირებენ

ნატოს წევრები ოთხშაბათს შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ უკრაინისთვის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის პროგრამა. გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის ინიციატივას ხუთი წლის პერიოდით 100 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდის შექმნის თაობაზე განსხვავებული განცხადებები მოჰყვა.

მინისტრები ამბობენ, რომ ამგვარი ფონდის შექმნა ადვილი არ იქნება. უკრაინა კი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მისასალმებელი იქნება იმ პირობებში, როცა ქვეყანას თანხა ძალიან სჭირდება.

"ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი დახმარების დინამიკა. უნდა უზრუნველვყოთ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინისთვის უსაფრთხოების კუთხით საიმედო და პროგნოზირებადი დახმარება და უფრო ნაკლებად მოკლევადიანი შეთავაზებები. საჭიროა მეტი მრავალწლიანი დაპირება", - მიიჩნევს იენს სტოლტენბერგი.

მისი შეთავაზება ასევე გამორჩეულია იმით, რომ ის მისცემს ალიანსს უფრო პირდაპირ როლს უკრაინისთვის გადასაცემად იარაღის მარაგების, ამუნიციისა და აღჭურვილობის კოორიდინაციაში.

ამ გეგმების თანახმად, ნატომ ამერიკის ლიდერობით მოქმედი, "რამშტაინის ფორმატის" ფარგლებში მიმდინარე კოორდინაციის როლის ნაწილი უნდა გადაიბაროს. დიპლომატების აზრით, ეს ერთგვარი თავის დაზღვევაა იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს და თეთრი სახლი დახმარების შემცირებას ან ამა თუ იმ როლის შესრულებაზე უარს იტყვის.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ მისი მიზანია ამ კუთხით გადაწყვეტილება ივლისში, ვაშინგტონის სამიტზე მიიღონ. ამ დრომდე ნატო, როგორც ალიანსი, უკრაინას მხოლოდ არალეტალურ იარაღს აწვდიდა და გამუდმებით იყო გამოხატული სიფრთხილე იმის თაობაზე, რომ სხვაგვარ ქმედებას არ გამოეწვია რუსეთთან პირდაპირი ესკალაცია. თუმცა ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდეს.

Your browser doesn’t support HTML5

ნატო 75 წლის გახდა - ალიანსი გუშინ, დღეს, ხვალ

ალიანსში პირველი რეაქციები იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე გარკვეული სამუშაო იქნება გასაწევი. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე ამბობს, რომ არ დაუჭერს არც ერთ ისეთ გადაწყვეტილებას მხარს, რაც "ალიანსს ომთან დააახლოებს". თუმცა იენს სტოლტენბბერგი ამბობს, რომ უფრო მრავალფეროვანი ჩარჩო ნატოს დახმარების კუთხით, არ შეცვლის ალიანსის თავდაცვით პოზიციასა და მახასიათებლებს, და რომ უნგრეთის პოზიციასაც უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ შეხვედრაზე მანაც და ზოგიერთმა სხვა დიპლომატმაც გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნატოსა და ევროკავშირის ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად მსგავსი არ უნდა იყოს და არ უნდა გადაიკვეთოს. იტალიელი საგარეო საქმეთა მინისტრი კი ფიქრობს, რომ ყველაფერი დეტალურად უნდა განისაზღვროს და შეთანხმდეს, რათა მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდეს.

ასევე ნახეთ: ტაუნსენდი: ახლა, როცა პუტინი ფანჯარაში იყურება, იქ ნატოს ხედავს

მკაფიო პოზიცია ჰქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, მან თქვა, რომ ეს გეგმა "მართებული და მნიშვნელოვანია". გეგმას მიესალმება ლატვიის პირველი დიპლომატი კრიშიანის კარინშიც და ამბობს, რომ ამ ფონდში წვლილი შესაძლოა ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით გაანგარიშებით გადაწყდეს.

ალიანსი ხუთშაბათს 75 წლის იუბილეს აღნიშნავს.