ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინაში ახალ შეტევას მაისში შეეცდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მაისის ბოლოს ან ზაფხულში, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს. მისივე თქმით, კიევს ბრძოლის ველთან დაკავშირებით საკუთარი გეგმა აქვს.

უკრაინაში რუსეთის ხელმეორედ შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის ორი წლისთავის მეორე დღეს საუბრისას, ზელენსკიმ თქვა, რომ კიევისა და მისი დასავლელი მოკავშირეების ერთიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის გამარჯვება დასავლეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

ასევე ნახეთ: რა სჭირდება უკრაინას ომის მესამე წელს?

"ჩვენ მოვემზადებით მათი თავდასხმისთვის. მათ თავდასხმას, რომელიც 8 ოქტომბერს დაიწყო, შედეგი არ მოჰყოლია. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მოვამზადებთ ჩვენს გეგმას და მივყვებით მას", - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს კიევში.

ზელენსკიმ თქვა, რომ 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველი ოფიციალური მონაცემებია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინის ეს მონაცემები უარყო და ტყუილი უწოდა.

ზელენსკიმ თქვა, რომ ომისთვის ჯარების როტაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სარეზერვო ძალების უკეთ მომზადება სჭირდება. აგვისტოში, გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" სტატიაში აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცთა რაოდენობა 70 000-მდე გაიზარდა. იმავე სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ომში 120 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

ბრძოლის ველთან დაკავშირებულ უკრაინის გეგმებზე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს მკაფიო გეგმა აქვს. მაგრამ, მისი თქმით, გეგმების წარმატებით განხორციელების მიზნით, დეტალებზე წინასწარ არ ისაუბრებს.

„გეგმა არსებობს, ის მკაფიოა, დეტალებს ვერ გეტყვით“, - განაცხადა მან.

ზელენსკიმ თქვა, რომ შეიარაღებული ძალების მეთაურის შეცვლა, მისი სამხედრო სტრატეგიის ნაწილი იყო, რომელიც საიდუმლოდ დარჩება.

უკრაინის პრეზიდენტმა ადრე თქვა, რომ შარშანდელ კონტრშეტევასთან დაკავშირებული კიევის გეგმები, ოპერაციის დაწყებამდე "კრემლის მაგიდაზე" აღმოჩნდა, მაგრამ არ უთქვამს როგორ.

ასევე ნახეთ: სრულმასშტაბიანი ომის ორი წელი

კიევი იმედოვნებს, რომ ამ გაზაფხულზე, შვეიცარიაში, გამართავს სამიტს, რათა მოკავშირეებთან განიხილოს მისი ხედვა მშვიდობის შესახებ. მისი თქმით, სამშვიდობო გეგმას რუსეთს სამიტის გამართვის შემდეგ გააცნობენ.

"იმედი მაქვს, ეს მოხდება ამ გაზაფხულზე. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ეს დიპლომატიური ინიციატივა", - განაცხადა მან.