უკრაინა: რუსეთმა ომის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 8 ათასზე მეტი რაკეტა და 4,630 დრონი გაუშვა

ხუთშაბათს, უკრაინის საჰაერო ძალების პრესმდივანმა იური ინჰატმა განაცხადა, რომ ორი წლის წინ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაში თავისი სამიზნეების მიმართულებით 8 ათასზე მეტი რაკეტა და 4,630 დრონი გაუშვა.

ტელევიზიით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ უკრაინის ანტისაჰაერო დაცვამ 3,605 დრონი ჩამოაგდო. ეს ციფრები წარმოდგენას იძლევა რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმების მასშტაბზე, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომიდან ორი წლის განმავლობაში ხდება.

ინჰატმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ გაშვებული დრონების უმეტესობას, მათ შორის ირანულ „შაჰიდებს“, ახლა დრონებზე მონადირე მცირე მობილური ჯგუფები ანადგურებენ და მათი ეფექტიანობის დონე მაღალია.

ასევე ნახეთ: ზელენსკის თქმით, რუსეთმა ახალი წლიდან უკრაინის წინააღმდეგ 1,000-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა

ხუთშაბათ ღამით მომხდარი ბოლო თავდასხმის დროს, რუსების მიერ გაშვებული10 დრონიდან, უკრაინის 4 რეგიონში 8 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის თადაცვისუნარიანობა, დასავლელი პარტნიორების მხრიდან მიწოდებულმა ანტისაჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემებმა, მათ შორის ამერიკულმა „პატრიოტებმა“ გააძლიერა. ინჰატმა ასეთი დახმარების ციფრები არ გააჟღერა. უკრაინელი ოფიციალური პირები გამუდმებით ამბობდნენ, რომ ომის ძალისხმევის მხარდასაჭერად, უცხოეთიდან მეტი იარაღის მიღება სჭირდებოდათ.

ინჰატმა თქვა, რომ რუსეთმა, სამიზნე პრიორიტეტად სასოფლო-სამეურნეო ობიექტები, პორტების ინფრასტრუქტურა, იარაღის საწარმოები, ამ ზამთარში კი ნავთობის და გაზის სექტორი აქცია. ეს რუსეთის ტაქტიკის ცვლილების მაჩვენებელია, რომელიც გასულ ზამთარში ძირითადად ენერგო სექტორს ესხმოდა თავს და მილიონობით ადამიანს ენერგიის მიწოდების გარეშე ტოვებდა.

რუსეთი აცხადებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესვრის, თუმცა აღიარა, რომ მისი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა.