ევროკავშირი "ტიკ-ტოკის" მიერ კანონის შესაძლო დარღვევაზე გამოძიებას იწყებს

ორშაბათს, ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გამოიძიებს იმას, დაარღვია თუ არა „ტიკ-ტოკმა“ ონლაინ მასალების გამოქვეყნების წესები, რომელიც ბავშვების დასაცავად და რეკლამის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფადაა გამიზნული. გამოძიება სოციალური მედიის ამ პლატფორმას მნიშვნელოვანი ჯარიმის რისკის ქვეშ აყენებს.

ევროკავშირის ინდუსტრიის ხელმძღვანელმა თირი ბრეტონმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება,ამ პროგრამის მოკლე ვიდეოების რისკების შეფასების ანგარიშის ანალიზის შემდეგ მიიღო.

ასევე ნახეთ: "ტიკ-ტოკის" უპრეცედენტო საქმე

ევროკავშირის ციფრული მომსახურების აქტი (DSA), რომელიც 17 თებერვლიდან ყველა ონლაინ პლატფორმას ეხება, დიდი ონლაინ პლატფორმებისგან მოითხოვს რომ მეტი გააკეთონ, რათა უკანონო ონლაინ მასალებს და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის შექმნილ რისკებს გაუმკლავდნენ.

„ტიკ-ტოკის“ ჩინეთში ბაზირებული მფლობელი ByteDance შესაძლოა თავისი გლობალური შემოსავლის 6 პროცენტის ოდენობის ჯარიმის წინაშე აღმოჩნდეს, თუ დადგინდება, რომ კომპანიამ (DSA) კანონის წესები დაარღვია.

DSA კანონის დარღვევის თობაზე „ტიკ-ტოკის“ გამოძიება მეორეა ილონ მასკის “X” პლატფორმის შემდეგ, რომელიც ევროკავშირის სამიზნეში გასული წლის დეკემბერში აღმოჩნდა.