უკრაინის სამხედრო დახმარების კანონპროექტის პერსპექტივა

სენატმა რამდენიმე დღის წინ კანონპროექტი მიიღო, რომლის მეშვეობითაც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს, თუმცა პროცედურულად, სანამ ის პრეზიდენტის მაგიდაზე აღმოჩნდება, ხელი მოეწერება და კანონად იქცევა. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაშიც უნდა დამტკიცდეს.

თუმცა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის პრინციპული უთანხმოება, რაც სამხრეთის საზღვარზე წესრიგის დამყარებას უკავშირდება, არ დასრულებულა,

კანონპროექტი ამჟამად პალატის საერთო კენჭისყრაზეც ვერ მოხვდება, თუ მას იურიდიული კომიტეტი არ წარადგენს, შესწორებებით იქნება ეს თუ მის გარეშე. შესწორებების შეტანის შემთხვევაში, კანონპროექტი კვლავ სენატში დაბრუნდება და იგივე პროცედურა განმეორდება. არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, კონგრესმენთა აბსოლუტური უმრავლესობის ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში, კანონპროექტი იურიდიული კომიტეტიდან გამოიწვიონ და პირდაპირ საერთო კენჭისყრაზე გაიტანონ, სადაც სავარაუდოდ მას საკმარისი ხმები ექნება.

პროცედურა ცნობილია, როგორც „კომიტეტიდან გაწვევის პეტიცია“ [Discharge Petition], რომელიც საკმაოდ იშვიათად გამოიყენება.

რესპუბლიკელი კონგრესმენი მიჩიგანიდან ბილ ჰაიზენგა „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში ამბობს, რომ წარმომადგენელთა პალატაში არსებული ატმოსფეროს გათვალისწინებით, სენატის მიერ მიღებული საგარეო დახმარების კანონპროექტს დღევანდელი ფორმით კონგრესი ვერ დაამტკიცებს.

კონგრესმენის აზრით, შესაძლებელია მსჯელობა ისეთ საკითხზე, როგორიც დახმარების პაკეტში მხოლოდ უშუალოდ სამხედრო აღჭურვილობის კომპონენტის დატოვებაა, რადგან ევროკავშირმა უკვე მიიღო 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების კანონი, რომელიც ძირითადად ჰუმანიტარულ მიზნებს მოხმარდება.

რესპუბლიკელი კანონმდებელი სრულიად ეთანხმება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას იმ პირობით, რომ მთავარი აქცენტი იარაღზე გაკეთდება და ძალიან საიმედო ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმი იმუშავებს.

ბილ ჰაიზენგამ აღნიშნა, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისთვის საკმარისად კარგად განემარტა ამ დახმარების სარგებლიანობა და ნაწილობრივ ამანაც გამოიწვია ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც სამხედრო დახმარების საკითხის გადაწყვეტას ართულებს.

მთავარ დაბრკოლებად რჩება საზღვრის დაცვის საკითხი, რომელიც კანონმდებლების ნაწილის აზრით, სენატის კანონპროექტში ადეკვატურად არ არის ასახული.

ასევე ნახეთ: სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტი მიიღო, თუმცა მისი საბოლოო ბედი, კვლავ გაურკვეველია

„ესეც მსჯელობის საგანია. უნდა გადაკეთდეს, თუ მას დაემატოს კონკრეტულად „კონგრესის რეზოლუცია 2“ [2023 წლის საზღვრის დაცვის აქტი] . ვნახოთ რა მოხდება. ვფიქრობ, ხელმძღვანელობა ამ საკითხზე მუშაობს იმ კანონმდებლებთან კონსულტაციების გზით, რომლებიც ასეთ გადაწყვეტას მიემხრობიან. ახლა გაყოფილია მოსაზრებები, სენატის კანონპროექტი არსებული სახით შენარჩუნდეს და მას „კონგრესის რეზოლუცია 2“ დაემატოს, თუ კანონპროექტი შეიცვალოს და მას რეზოლუციაც დაემატოს“, - ამბობს კონგრესმენი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

დემოკრატი კონგრესმენი კალიფორნიიდან ბრედ შერმანი მიიჩნევს, რომ ის უდავოდ ეთნხმება უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მიწოდებას და დიდი ხანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს. კონგრესმენმა თქვა, რომ ყველა დემოკრატთან ერთად, სამი რესპუბლიკელი კანონმდებლის ხელმოწერის მოპოვების შემთხვევაში, პროცედურულად შესაძლებელი იქნება კომიტეტიდან კანონპროექტის საერთო კენჭისყრაზე გატანა და მარტივი ხმის მიცემით მისი დამტკიცება. ეს იმ შემთხვევაში, თუ პალატის რესპუბლიკელი სპიკერი კენჭის საყრელად მის წარდგენას არ დათანხმდება.

„აშკარაა, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება და ცხადია, უკრაინისასაც“, - თქვა კონგრესმენმა შერმანმა.

ის კანონპროექტის შეჩერებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად რესპუბლიკელებს აკისრებს და ამბობს, რომ დემოკრატები მზად არიან უკრაინის დახმარების კანონპროექტს კენჭი სამხრეთის საზღვრის დაცვის საკითხებთან ერთად, ან მის გარეშე უყარონ.

ზოგიერთ რესპუბლიკელ კანონმდებელს მტკიცე და კატეგორიული პოზიცია აქვს. ფლორიდის წარმომადგენელი კორი მილსი ამბობს, რომ სამხრეთის საზღვრის საკითხის გადაწყვეტასთან ერთად, უკრაინის მხრიდან მეტი გამჭვირვალობა სურს.

„ეს საკითხი კენჭისყრამდეც არ უნდა მივიდეს. აზრი არ აქვს სხვა ქვეყნის საზღვრების დაცვას, თუ საკუთარი საზღვრის დაცვა არ შეგვიძლია“, - თქვა კონგრესმენმა.

მილსი უკრაინისთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფას წინააღმდეგია და ამის მიზეზად ზელენსკის მთავრობის მხრიდან ნათელი გეგმის არარსებობას და კორუფციის შესახებ ცნობებს ასახელებს.

„ზელენსკისგან და მისი გუნდისგან სამხედრო სტრატეგიას ვერ ვხედავთ. ჩვენ უკვე დავხარჯეთ 114,5 მილიარდი დოლარი და ვიცით, რომ მისი ნაწილი კორუფციაში გადადის. მათ არ ჩაატარეს 100 პროცენტიანი აუდიტი, არ შეუძლიათ სამხედრო გეგმის ჩვენება. არ მესმის ეს სტაბილურობისთვის როგორ არის სასარგებლო და ამიტომ უკრაინისთვის ერთი ცენტის გაცემასაც არ დავუჭერ მხარს“, - თქვა კორი მილსმა.

დემოკრატი კანონმდებელი კალიფორნიიდან ჯიმ კოსტა კი ფიქრობს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა „ჩვენი საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის ტოლფასია“

კონგრესმენი დარწმუნებულია, რომ საერთო კენჭისყრაზე გატანის შემთხვევაში, კანონპროექტის მისაღებად საკმარისი ხმები არსებობს და ყველაფერს გააკეთებს, რათა კანონპროექტი საერთო კენჭისყრაზე მოხვდეს.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ტეხასიდან კეით სელფი ასევე „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან საუბარში აცხადებს, რომ სენატი ამერიკელი ხალხისგან სრულიად მოწყვეტილია და მისი არ ესმის.

„მათ ამოიღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საშინაო საკითხი, როდესაც საზღვრის საკითხი ამოიღეს [კანონპროექტიდან]. მე ვეკუთვნი იმ ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ არ იქნება დაფინანსება, თუ არ იქნება საზღვრის უსაფრთხოება“.

კონგრესმენი ამბობს, რომ საზღვარი უმთავრესი საკითხია და ყველა დანარჩენი მეორადი მნიშვნელობისაა.

„ჩაკეტეთ საზღვარი. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“, - თქვა კეით სელფიმ.

ამჟამად კანონპროექტის თაობაზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. უკრაინის დახმარების საკითხს საკმაოდ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა და დამტკიცების რეალური შანსი აქვს.