„ძმებო უკრაინელებო, იყო დრო, როდესაც პოლონეთს ურთულესი ამოცანა უნდა გადაეწყვიტა და საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლებულიყო, და ჩვენ ეს გამოგვივიდა, ჩვენ ეს შევძელით! დღეს კი ბედი თქვენ წინაშე აყენებს უფრო რთულ და მნიშვნელოვან ამოცანას. ევროპისა და მთელი სამყაროს მომავალი თქვენზეა დამოკიდებული… მე, როგორც რევოლუციონერი, გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, რათა ამ ბრძოლაში მხარი დაგიჭიროთ“, – ამ სიტყვებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე უკრაინელ ხალხს, მეზობელი პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნობელიანტმა ლეხ ვალენსამ მიმართა.
მოძრაობა „სოლიდარობის“ დამფუძნებელი და კომუნიზმთან მებრძოლი 80 წლის ნობელიანტი ვაშინგტონში უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე სასაუბროდ ჩავიდა. არაერთ პირად თუ საჯარო შეხვედრაზე ვალენსა ამერიკის ლიდერობის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს. ამბობს, რომ ახლა მსოფლიო უნიკალური შესაძლებლობის წინაშე დგას, რომელიც დემოკრატმა ლიდერებმა ხელიდან არ უნდა გაუშვან:
„ვლადიმირ პუტინმა თავისი შეცდომებით მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ გააერთიანა. მსოფლიოს ასეთი შესაძლებლობა ჯერ არასდროს ჰქონია. გთხოვთ გამოიყენეთ ის“, - მიმართავს ვალენსა ამერიკის ხელისუფლებას“, და ამბობს, რომ ვაშინგტონს წამყვანი როლი აქვს შესასრულებელი. მისი თქმით, ყველა თაობას თავისი წვლილი შეაქვს დიდ ცვლილებებში. მის თაობას ძველი სისტემა უნდა დაენგრია, მაგრამ ახლის აშენება ბოლომდე შესაძლებელი არ იყო, სანამ რუსეთი და ჩინეთი არიან ისეთები, როგორებიც არიან. დღეს კი ეს შესაძლებელია - ამბობს ვალენსა.
„ბედისწერამ ამერიკას არგუნა ამ ცვლილებების ლიდერობის როლი. ამერიკას ახლა უკან დახევა აღარ შეუძლია. თუ ის ამ შესაძლებლობის უპირატესობას არ გამოიყენებს, მომავალი თაობა ჩვენ ამას არასდროს გვაპატიებს.“
ასევე ნახეთ: უკრაინა-პოლონეთის საზღვარი ჩაკეტილია, ევროპაში ფერმერების აქცია გრძელდებავალენსა თავისი აქტივიზმისა და პოლიტიკური ბრძოლის წლებს იხსენებს და ამბობს, რომ თუკი საბჭოთა პერიოდში მას „ვარშავის პაქტი“ ბევრ შეზღუდვას უწესებდა და სიტუაციას უფრო ართულებდა, ახლა უკრაინა ამ მხრივ უკეთეს მდგომარეობაშიც კია, ვიდრე მაშინ პოლონეთი იყო.
ვალენსა მოუწოდებს ამერიკას, მიაწოდოს ომში მყოფ ქვეყანას სამხედრო დახმარება, რომელიც მას ბრძოლის ველზე თავდასაცავად სჭირდება. თუმცა, იქვე განმარტავს, რომ იარაღით ომის მოგება მხოლოდ მოკლე ვადითაა შესაძლებელი, პრობლემა კი კვლავ დაბრუნდება და რუსეთი აგრესიას შესაძლოა ათწლეულების შემდეგ, მაგრამ მაინც განაახლებს.
„დიახ რაკეტებით და იარაღით, დიახ, მსოფლიოს დახმარებით, უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი. მაგრამ 20 წელიწადში რუსეთი ისევ მოიკრებს ძალას. ეს ათწლეულებია ასე გრძელდება. დღეს საბოლოოდ გვაქვს შესაძლებლობა, მსოფლიოში წესრიგი დავამყაროთ. დამიჯერეთ მე, როგორც რევოლუციონერს, თუკი ამას არ გააკეთებთ, რუსეთი თქვენამდეც მოვა. ისინი ასე მოქმედებენ. ამიტომ ეს ამერიკის და მსოფლიოს ინტერესებშია, რომ გონივრულად გავაგრძელოთ ბრძოლა, სოლიდარობით, ევროპასთან თანამშრომლობით, სწორი საინფორმაციო გზავნილებით, მშვიდობიანად, ბრძოლის ველზე კი - რა თქმა უნდა, იარაღით. მხოლოდ ასე მოვიგებთ ამ ომს“, - თქვა ლეხ ვალენსამ „საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ვაშინგტონში.
ასევე ნახეთ: "რუსეთის აგრესია თავისით არ გაჩერდება. ის ერთად უნდა შევაჩეროთ", - ლატვიის პარლამენტის სპიკერიმათთვის, ვისაც მშვიდობის მიღწევა რთული ან წარმოუდგგენელი ეჩვენება, ვალენსა ამბობს, რომ ორი მსოფლიო ომი ევროპის მიწაზე კარგი მაგალითი უნდა იყოს. მით უფრო, რომ დღეს ამ ქვეყნებს შორის საზღვრებიც კი გაუქმებულია. მეტიც, ვალენსა პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაზეც საუბრობს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პოლონეთში ფერმერები და სატვირთოების მძღოლები უკრაინელებისთვის შექმნილ საშეღავათო პირობებს აპროტესტებენ.
„ჩვენ, პოლონელები და უკრაინელები ძალიან ნათელი მაგალითი ვართ. ჩვენც ვებრძოდით უკრაინას, მაგრამ ნახეთ, როგორი მეგობრები ვართ. ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ ერთმანეთის სისხლი. მაგრამ წარსულის აჩრდილებისგან უნდა გავთავისუფლდეთ“, - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.
ლეხ ვალენსას თქმით, დასავლეთი რუსულ პროპაგანდას ასევე სწორი საინფორმაციო გზავნილებით უნდა დაუპირისპირდეს. მით უფრო კი ქვეყანაში, რომელსაც 10 წლის ნაცვლად 20 წელზე მეტია ერთი ლიდერი მართავს, ადამიანებს „ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ მეზობელი, რომელსაც იცნობდნენ, ომში მოკლეს. სხვა მეზობლის შვილი, რომელსაც დილით ესალმებიან, ასევე ომში დაიღუპა. გინდათ ამის გაგრძელება“?
პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვარშავის მხრიდან კიევის დახმარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 30 წლის წინ მისი წარმოდგენით, უკრაინა და პოლონეთი ნატო-ევროკავშირში ერთდროულად უნდა გაწევრიანებულიყვნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც პოლონეთს ალიანსის მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები აქვს, მას დარჩა განცდა, თითქოს უკრაინა ჩამორჩა და თითქოს მათ ამის საწინააღმდეგოდ მეტი უნდა გაეკეთებინათ. „რომ არა უკრაინა, ახლა რუსებთან ომი ჩვენ გვექნებოდა. ამიტომაც უნდა დავეხმაროთ ყველაფრით, რითიც შეგვიძლია. ისინი მამაცი ხალხია, იბრძვიან თავისი და ჩვენი თავისუფლებისთვის“.