თბილისში ვიზიტისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მხარეები საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მიყვანაზე შეთანხმდნენ.
„ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად“, - განუცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს, 26 იანვარს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ამავე ვიზიტისას, ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა, ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი.
„ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, არა მხოლოდ მეზობლები, არამედ მეგობრები, გვაქვს კარგი პარტნიორობა ყველა მიმართულებით. დე-ფაქტო ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და პარტნიორები. დღეს კი ეს მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის სადენის პროექტით“.