ნატოს საიუბილეო სამიტი და საქართველო

მამაკაცი ნატოს და საქართველოს დროშებით, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.

ანალიტიკოსები, აშშ-ის დიპლომატიური სამსახურების მაღალი რანგის ყოფილი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე, საქართველო უკრაინას ჩამორჩება. წარსულში კი, საპირისპირო მოცემულობა იყო. მათი ნაწილი, "ქართული ოცნების" მხრიდან ენთუზიაზმის ნაკლებობაზე საუბრობს.

ნატოს გაფართოების პოლიტიკაზე მსჯელობა ალიანსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, თითქმის ყოველთვის აქტუალურია და ასეა ახლაც. რა პროგრესს განიცდის საქართველო ნატოში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე - ეს არის კითხვა, რომლითაც ანალიტიკოსებს მივმართეთ. ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში, თითქმის სრული თანხმობაა იმ აზრთან დაკავშირებით, რომ ახლა, ამ გზაზე, საქართველო უკრაინას ჩამორჩება. რამდენიმე წლის წინ კი, სრულიად განსხვავებული რეალობა იყო.

საქართველოს ხელისუფლებას ახლა სურს ძალიან ფრთხილი იყოს. შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ ამას, მაგრამ ვფიქრობ, გასაგებია რატომ შეიძლება სურდეთ ფრთხილობდნენ.
კურტ ვოლკერი

„ხუთი ან მეტი წლის წინ, ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გზაზე, საქართველოს ყველა მოწინავედ მიიჩნევდა, უკრაინა კი იმავე პოზიციაში არ იყო. ახლა ეს შეიცვალა. მოწინავე პოზიციაზე უკრაინაა, საქართველო მას ჩამორჩება. ვფიქრობ, მიზეზი ისაა, რომ საქართველო გაცილებით პატარა ქვეყანაა და ბევრად უფრო აშფოთებს რუსეთის მხრიდან მისი დასჯა, ის რომ შესაძლოა რუსეთმა კიდევ რაიმე ცუდი გაუკეთოს საქართველოს, თუ ის რუსეთთან დაპირისპირებულ პოზიციაში იქნება, ან ამ ინსტიტუტებისკენ ძალიან სწრაფად დაწინაურდება. ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, სურს იყოს ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი, რადგან ეს იქნება უსაფრთხოების და ქვეყნის მომავლის კეთილდღეობის გარანტი. მაგრამ, იქ მოხვედრა დელიკატური პროცესია და საქართველოს ხელისუფლებას ახლა სურს ძალიან ფრთხილი იყოს. შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ ამას, მაგრამ ვფიქრობ, გასაგებია რატომ შეიძლება სურდეთ ფრთხილობდნენ. ამან გამოიწვია სიტუაცია, როდესაც უკრაინა მართლაც ლიდერია. ეს ამ ინსტიტუტებს, ევროკავშირსა და ნატოს აკისრებს პასუხისმგებლობას მოიქცნენ ისე, როგორც ევროკავშირი მოიქცა, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რათა ქვეყანა ზედმეტად უკან არ დარჩეს“, - ამბობს ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი.

უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი კი მიიჩნევს, რომ ბრიუსელში, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა აშფოთებთ.

„[ალიანსში გაწევრიანების კუთხით], საქართველო არ არის იმავე მდგომარეობაში, რაშიც უკრაინა. როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში, არსებობს შეშფოთება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო. მთავრობა, რომელსაც უკვე ათწლეულზე მეტია „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო მკაცრ ნაბიჯებს დგამს ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ.

როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში, არსებობს შეშფოთება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო.
ჯონ ჰერბსტი

ბოლო წლინახევრის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებაში არიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები, რომლებიც შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს არსებითად მხოლოდ იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი, მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში. ქართული დემოკრატიის სიძლიერე, ქართული სამოქალაქო საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა მნიშვნელოვნად ახალისებდა ევროპასა და შეერთებულ შტატებში საქართველოს მეგობრებს ეფიქრათ საქართველოს ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანებაზე. დღეს კი, ეს ატრიბუტები საქართველოში სულაც არ არის იგივე და ეს სამწუხაროა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველო ნამდვილად დგას უკრაინისა და მოლდოვას უკან“, - ამბობს ჰერბსტი.

ჰერბსტის თქმით, არის გარკვეული სიმართლე მოსაზრებაში, რომ უკრაინის მიმართ, მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის გამო, გარკვეული თანაგრძნობა არსებობს და ნატოში გაწევრიანების გზაზე, მისი დაწინაურებული პოზიცია, შესაძლოა, ამანაც გამოიწვია. მაგრამ ის ასევე ამბობს - „მოლდოვის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ არ გვაქვს აშკარა რუსული აგრესია, თუმცა მოლდოვა აშკარად უსწრებს საქართველოს, როცა საქმე ევროკავშირის შესაძლო წევრობას ეხება. ამის ახსნა კი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განცდილი დემოკრატიის უკუსვლაა“.

ასევე ნახეთ: სად არის საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე?

"ჰადსონის ინსტიტუტის" მკვლევარი, ლუკ კოფი ამბობს, რომ დასავლეთი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ნატოში გაწევრიანების კუთხით ენთუზიაზმს ვერ ხედავს იმდენად, რამდენადაც კიევის მხრიდან.

„ნატოს წევრობისკენ მიმავალი გზა ორმხრივია და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების წინსვლისთვის, თბილისისგან ისეთივე ენთუზიაზმი არ გვინახავს, როგორიც კიევისგან ვნახეთ. საქართველოს ხელისუფლება ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, ყოველ შემთხვევაში, საჯარო განცხადებებით ამას არ ამბობენ, მაგრამ ამ მიმართულებით ასევე არ ატარებენ აქტიურ პოლიტიკას. ისინი უბრალოდ კმაყოფილნი არიან სტატუს-კვოთი, რომელიც უკვე წლებია გრძელდება.

თბილისისგან ისეთივე ენთუზიაზმი არ გვინახავს, როგორიც კიევისგან ვნახეთ.
ლუკ კოფი

რამდენიმე წლის წინ ვწერდი ნაშრომებს, ვამტკიცებდი, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე, უკრაინას და საქართველოს გზები უნდა გაყოფილიყო, რადგან საქართველო უკრაინას ბევრად უსწრებდა წინ. ახლა კი, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პირიქითაა. უკრაინა, ამ გზაზე, უფრო წინაა. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს [ვითარება]. წელს არჩევნებია, ბუნებრივია არავის მხარეს არ ვარ, ცხადია არც ამომრჩეველი ვარ, მაგრამ როგორც ამერიკელი, ვხედავ, რომ მთელს მსოფლიოში, ყველას აქვს აზრი ამერიკის პოლიტიკის შესახებ. რატომ არ შეიძლება, მეც მქონდეს აზრი სხვა ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებზე? და ვიტყვი, რომ ეს საკითხი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მათ უნდა შექმნან მთავრობა, რომელიც მათი რწმენით, მოემსახურება მათი და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს“, - ამბობს კოფი.

კურტ ვოლკერი ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანება, ზოგადად, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საკითხი, რაზეც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთი, საჯაროდ გაცხადებული პოზიცია უნდა ჰქონდეთ.

„ვფიქრობ, არის ზოგიერთი რამ, რასაც საქართველოს მთავრობა და ოპოზიცია ერთად უნდა ამბობდნენ - რომ ნატო რჩება საქართველოს გრძელვადიან მისწრაფებად და მომავალში, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად. ვფიქრობ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, ამ საჯარო პოზიციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ქართველებმა უნდა იამაყონ იმ წვლილით, რომელიც წარსულში საქართველომ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში შეიტანა. ნათელი უნდა იყოს, რომ საქართველოს აქვს ნება, შესაბამისი გარემოებების შექმნის შემთხვევაში, მომავალშიც იგივე გააკეთოს. ამის გათვალისწინებით, ცხადი უნდა იყოს პოზიცია, რომ საქართველოს სურს ნატოსთან მუშაობა, რათა უზრუნველყოს თავისი სამხედრო ძალების მაქსიმალური მომზადება. უნდა შენარჩუნდეს სწავლებისა და მომზადების ტემპი, რასაც საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ძალიან, ძალიან კარგად აკეთებდა. ეს არ იქნება ნატოს დაუყოვნებელი წევრობის საფუძველი მაგრამ ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს და მის სამხედრო ძალებს ჰქონდეს ნატოსთან და გლობალურ უსაფრთხოებასთან თავსებადობა, რაც მას მომავალში მიმზიდველ მოკავშირედ აქცევს“, - ამბობს ვოლკერი.

არ ვფიქრობ, რომ საქართველოს საკითხები ამ სამიტზე აქტუალური იქნება.
უილიამ კორტნი

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმ საკითხებზე უნდა იმუშაოს, რომლებიც ბრიუსელს აშფოთებს. სწორედ ამ შეშფოთებას მიიჩნევს, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი იმის ერთ-ერთი მიზეზად, რომ ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე, საქართველოს საკითხი დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს არ დაიკავებს.

„არ მგონია, ნატოს ამ სამიტზე, საქართველოს საკითხზე დიდი ყურადღება იყოს მიმართული. თუმცა, შეიძლება ვიხილოთ გარკვეული შეშფოთება საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების ზოგიერთი მიმართულებების შესახებ. სხვა თვალსაზრისით, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს საკითხები ამ სამიტზე აქტუალური იქნება“, - ამბობს კორტნი.

ვაშინგტონის სამიტი - უკრაინა

ალიანსის 75-ე საიუბილეო სამიტს, 9-11 ივლისს, ვაშინგტონი უმასპინძლებს. მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. ამ მისიით, ვაშინგტონს უკვე სტუმრობდა ნატოს მუდმივი წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაცია. ოფიციალური შეხვედრები გაიმართა თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტებში, თეთრ სახლსა და კონგრესში. სამიტამდე რამდენიმე მსგავსი სამუშაო ვიზიტია დაგეგმილი.

ასევე ნახეთ: „ნატოს საბრძოლო გარდაქმნა სჭირდება“ - ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

პარალელურად, ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის, მაღალი რანგის ყოფილი ოფიციალური პირები, მსჯელობენ რა შეიძლება იყოს, ან რა უნდა იყოს სამიტის დღის წესრიგში. ასეთ საკითხებს შორის, პრიორიტეტულ ადგილიზე უკრაინაა.

ამ მხრივ, სამიტის დღის წესრიგის მომზადებასა და მის შედეგებზე, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს დიდი გავლენა ექნება. ამიტომ, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და საბოლოოდ გაწევრიანებისთვის, ალიანსს გეგმები რამდენიმე შესაძლო სცენარისთვის უნდა ჰქონდეს. თუმცა, უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი გვეუბნება, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, ვერ ხედავს ადმინისტრაციის მზაობას, ვაშინგტონის სამიტისთვის ამბიციური დღის წესრიგი შეიმუშაოს.

„ზოგიერთი ჩვენგანი იმედოვნებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი იმედია და ვერ ვიტყვი, რომ ამის მოლოდინი გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციაში უკიდურესად მოკრძალებული პოზიციებია. არ მგონია, ვინმეს შესაძლო რეალობად მიაჩნდეს, რომ ამ ზაფხულს, ვაშინგტონის სამიტზე უკრაინის ალიანსის წევრად მოწვევას ვიხილავთ. მაგრამ ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია და ეს ის არის, რასაც ზოგიერთი ჩვენგანი ადვოკატირებს. მაგრამ კიდევ ერთხელ, ამ დროისთვის, ადმინისტრაციის პოზიცია საკმაოდ მოკრძალებული რჩება. უბრალოდ სურთ ვაშინგტონის სამიტზე იმ მომხიბვლელ საკითხებსა და მათ განხორციელებაზე ისაუბრონ, რომლებიც ვილნიუსის სამიტზე გადაწყდა და რომლებიც არც ისე მომხიბვლელი იყო. ეს არც ისე ამბიციური დღის წესრიგია“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ჰერბსტი.

კურტ ვოლკერი, ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ამბობს, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანება არის საკითხი, რომელიც ვილნიუსში გამართულ ნატოს 2023 წლის სამიტზე თავშეკავებულად იქნა განხილული. ამიტომ, ალიანსს დასჭირდება ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაშინგტონის სამიტზე უკეთესი პასუხი ჰქონდეს, ვიდრე ვილნიუსის სამიტზე ჰქონდა.

ასევე ნახეთ: ცივი ომის შემდგომ, ნატო ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს

„ალიანსის ძალების პოზიცია, თავდაცვის შესაძლებლობები, გეოგრაფიული ორიენტაცია, მომავლის ძალების აშენება, აქცენტი თავდაცვის ხარჯებისა და შესყიდვების მუდმივ ზრდაზე იმისთვის, რომ ნატომ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები გააძლიეროს - ეს არის რამდენიმე ძირითადი რამ, რაც დღის წესრიგში ნამდვილად იქნება. ასევე, არის მზარდი მოძრაობა იმისთვის, რომ ნატო ჩაერთოს უკრაინის დახმარებაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში, თავდაცვის ინდუსტრიის აშენებაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინის ქმედუნარიანი სამხედრო ძალის შექმნას დაეხმარება. ეს არის კიდევ ერთი მიმართულება, რასაც ხალხი სამიტის დღის წესრიგში ელოდება. რაც ამჟამად დღის წესრიგში არ არის და ვფიქრობ, ჯერ კიდევ განხილვა სჭირდება, მომავალი წევრობის თვალსაზრისით, უკრაინისა და ნატოს სამომავლო ურთიერთობაა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, გასული წლის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით არსებობდა დიდი მოლოდინი, რომ უკრაინის საბოლოო გაწევრიანების მიმართულებით პროგრესი იქნებოდა. ეს არ მოხდა და მაშინ ეს სადავო საკითხი იყო. ვფიქრობ, ეს განწყობები კიდევ გაჩნდება და ალიანსს დასჭირდება ამ საკითხზე უკეთესი პასუხი ჰქონდეს, ვიდრე ვილნიუსში ჰქონდა“, - ამბობს ვოლკერი.

მომავალ წლებში, ნატოს გაფართოების მორიგ ტალღას ვიხილავთ.
კურტ ვოლკერი

ნატოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს აქვს მოლოდინი, რომ სამიტის შემდეგ, ნატომ შესაძლოა უკრაინის დასახმარებლად პირველი, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„2022 წლის თებერვლიდან, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ნატოს წევრმა ქვეყნებმა კიევს უზარმაზარი სამხედრო დახმარება გაუწიეს. აღსანიშნავია, რომ ნატო, როგორც ორგანიზაცია, ამაში ჩართული არ ყოფილა. შეერთებული შტატებისა და გერმანიის ლიდერობით, დამოუკიდებელი პროცესი შეიქმნა - „რამშტაინის პროცესი“ - რომელიც ალიანსის გვერდის ავლით, უკრაინის დახმარებას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, ვაშინგტონის სამიტის შედეგად, შესაძლოა ვიხილოთ, რომ უკრაინის დასახმარებლად, ნატომ გარკვეული როლის შესრულება დაიწყოს. ვფიქრობ, ეს არის შემდეგი ეტაპი, საითაც ალიანსი მიდის. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები აცნობიერებენ, რომ არ არსებობს უსაფრთხოება ევროპისთვის, თუ იქ რუხი ზონები იარსებებს. ყველა უნდა იყოს ერთი კლუბის წევრი - დემოკრატიული, საბაზრო ეკონომიკის უსაფრთხო ზონა - რომელსაც შეერთებული შტატების დახმარებით საკუთარი თავის დაცვა შეეძლება. ვფიქრობ, საბოლოოდ ეს ყველაფერი სწორედ აქეთ მიდის. ასე რომ, მომავალ წლებში, ნატოს გაფართოების მორიგ ტალღას ვიხილავთ“, - გვითხრა ვოლკერმა.

ვოლკერის თქმით, მნიშვნელოვანია, ვაშინგტონის სამიტზე ალიანსს ჰქონდეს მკაფიო გზავნილი მოსკოვისთვის, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათი უსაფრთხოება დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია.

ასევე ნახეთ: ჰოჯესი: პოლიტიკური ნების შეჯიბრი ახლა კრემლსა და თეთრ სახლს შორისაა

„[ალიანსისადმი] ჩემი რეკომენდაცია იქნება, სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ნატოში გაწევრიანების პროცესი. ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება, პროცესი მოიცავს მოლაპარაკებებს, რატიფიკაციის ეტაპს. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ რუსეთს, რომ ეს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათი უსაფრთხოება დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვსურს, ისინი კვლავაც რუხ ზონებში იყვნენ, სადაც პუტინი გრძნობს, რომ შეუძლია უბრალოდ თავს დაესხას, დაიკავოს ტერიტორიები და ისინი რუსეთის დომინაციის ქვეშ შეინარჩუნოს. ეს პროცესი ვაშინგტონში უნდა დავიწყოთ. ვიტყოდი, რომ კონკრეტულად უკრაინის შემთხვევაში, წევრობისთვის მოწვევის თაობაზე, მკაფიო განცხადება უნდა გაკეთდეს“, - თქვა ვოლკერმა.

75 წელი ნატოს დაარსებიდან

მიმდინარე წლის გაზაფხულზე, 4 აპრილს, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ნატო, დაარსებიდან 75-ე წელს აღნიშნავს. 1949 წელს, 14 პუნქტიან ხელშეკრულებას 12 დამფუძნებელი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში მოაწერეს.

დამფუძნებელი ქვეყნები: ბელგია, კანადა, დანია, საფრანგეთი, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთბული შტატბი.

აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი, ჰარი ტრუმანი, სიტყვით გამოდის ცერემონიაზე, რომელზეც ოფიციალურად დაფუძნდა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, იგივე, ნატო. 1949 წლის 4 აპრილი. ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ.

„გამბედაობისა და ხედვის მქონე ადამიანებს, ჯერ კიდევ შეუძლიათ საკუთარი ბედის განსაზღვრა. მათ შეუძლიათ აირჩიონ მონობა ან თავისუფლება, ომი ან მშვიდობა. ეჭვგარეშეა, რომელს აირჩევენ ისინი. ხელშეკრულება, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, ადასტურებს იმას თუ რა გზას გაჰყვებიან ისინი. თუ დღეს რაიმეა ცხადი, თუ რაიმე გარდაუვალია მომავალში, ეს მსოფლიოს ხალხების ნებაა, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის“, - ეს არის ნაწყვეტი აშშ-ის 33-ე პრეზიდენტის, ჰარი ტრუმანის სიტყვიდან, რომელიც მან ხელმოწერის ცერემონიაზე წარმოთქვა.

ნატოს დღევანდელი მისია თითქმის იგივეა, რაც 1949 წელს, ალიანსის დაარსების დროს იყო.
ლუკ კოფი

ხელშეკრულების ხელმომწერები აცნობიერებდნენ, რომ ნამდვილი მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ომის არარსებობა. მიზნად დაისახეს, ჩრდილოატლანტიკურ ზონაში, ხელი შეეწყოთ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისთვის. ამის უზრუნველსაყოფად შეთანხმდნენ, რომ აგრესიის წინააღმდეგ ერთად იდგებოდნენ. ერთზე თავდასხმა კი ყველაზე თავდასხმად აღიქმებოდა. დღეს ნატო ამბობს, რომ გავრცელებული აზრი, რომ ორგანიაცია საბჭოთა კავშირისგან მომავალი საფრთხის საპასუხოდ შეიქმნა, მხოლოდ ნაწილობრივი სიმართლეა. სინამდვილეში კი, საბჭოთა ექსპანსიონიზმის შეკავება უფრო ფართო ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო, რომელიც ასევე მოიცავდა, კონტინენტზე ჩრდილოეთ ამერიკის ძლიერი ყოფნით, ევროპაში ნაციონალისტური მილიტარიზმის აღორძინების აკრძალვას და ევროპული პოლიტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას.

„ნატოს დღევანდელი მისია თითქმის იგივეა, რაც 1949 წელს, ალიანსის დაარსების დროს იყო. ნატო არ უნდა იყოს მსოფლიოში ყველგან და ყველაფერს არ უნდა აკეთებდეს. ის უნდა იყოს კირჩხიბის ტროპიკის ჩრდილოეთით, ჩრდილო-ატლანტიკურ ზონაში, როგორც ეს 1949 წლის შეთანხმებაში წერია. აი რა უნდა გააკეთოს მომდევნო 75 წლის განმავლობაში, - ალიანსს არ უნდა აღელვებდეს ირანი, ინდო-წყნარი ოკეანე. სწორად უნდა მივუდგეთ აღმოსავლეთ ევროპას, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, უნდა დავრწმუნდეთ მის უსაფრთხოებაში, ვფიქრობ, ეს იქნება მართებული“, - ამბობს, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, ლუკ კოფი.

ნატო-საქართველო - ურთიერთობის 32 წელი

ნატოს გენერალური მდივანი, ხავიერ სოლანა და საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1997 წლის 11 თებერვალი.

მნიშვნელოვანი მოვლენები ნატო-საქართველოს ურთიერთობებიდან - წყარო, ნატოს ოფიციალური ვებგვერდი.
  • საქართველომ ნატოსთან ურთიერთობა 1992 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან ერთ წელში დაამყარა, როცა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შეუერთდა. 1997 წელს, დიალოგის ეს ფორმატი, ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭომ ჩაანაცვლა, რომელიც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში არსებულ ყველა მოკავშირესა და პარტნიორ ქვეყანას კრებს.
  • ალიანსსა და საქართველოს შორის, პრაქტიკული თანამშრომლობა 1994 წლიდან დაიწყო, როცა საქართველო პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ შეუერთდა. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი, როგორც ალიანსის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ახალი მთავრობის მიერ, ამბიციური რეფორმების გატარების შედეგად, ორმხრივო თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდა.
  • 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე, ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი იმ პირობით, თუკი ის დააკმაყოფილებს ყველა აუცილებელ მოთხოვნას. ეს გადაწყვეტილება, ნატოს ყველა მომდევნო სამიტზე დადასტურდა. ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა.
  • 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ, მოკავშირეები კვლავ აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ქვეყნის თანხმობის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ძალები და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [ცხინვალის რეგიონის] დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
  • 2008 წლიდან, ნატო-საქართველოს კომისია (NGC) უზრუნველყოფს მჭიდრო პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ჩარჩოს რეფორმების ძალისხმევისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად. საბოლოო წევრობისთვის მზადება წინ მიიწევს თანმიმდევრული წლიური ეროვნული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით. 2018 წლის ივლისში სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები შეხვდნენ საქართველოს და მიიღეს დეკლარაცია, რომელიც აღნიშნავდა ნატო-საქართველოს კომისიის დაარსების მეათე წლისთავს.
  • 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე, საქართველომ მიიღო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ალიანსში გაწევრიანებისთვის მომზადებას. 2020 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, რომელმაც ახალი ვადები დააწესა და შემოიტანა განახლებული ამბიციები.
  • 2022 წლის მადრიდის სამიტზე, მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერის ღონისძიებების ერთობლიობას, ვინაიდან საქართველო, როგორც ნატოს ერთ-ერთი პარტნიორი, გარე საფრთხეების და უსაფრთხოების არსებულ გარემოში, ჩარევის უშუალო გავლენას განიცდის, რაც გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომით.

2023 წელს, ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურების ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც ვილნიუსის სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმით, რაც პროცესის თანმიმდევრულ ნაწილს წარმოადგენს.“

ამავე სამიტის დეკლარაციის მე-11-ე მუხლში ნათქვამია, "დღეს ჩვენ ვაღიარებთ, რომ უკრაინის სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, გასცდა წევრობის სამოქმედო გეგმის ფარგლებს". კონსესუსზე დაფუძნებული ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც ნატოს გენერალურმა მდივანმა "უპრეცედენტო" უწოდა, ალიანსმა თქვა, რომ უკრაინა ნატოს წევრი "მაპის" გარეშე გახდება.