როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდა. სტატუსის მიღებას ხელისუფლება და ოპოზიცია, საკუთარ მომხრეებთან ერთად ამ დრომდე, ცალ-ცალკე ზეიმობენ.
ეს სტატუსი ნამდვილად არ არის ერთი რომელიმე პარტიის დამსახურება, ვისურვებდი, რომ ხელისუფლებაც მიხვდეს იმას, რომ რაც მეტად იქნება „ჩვენ“ და ნაკლები „მე“ მათ რიტორიკაში, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის, სხვა შემთხვევაში ის მხოლოდ პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს. მეორეს მხრივ, ბუნებრივია ნებისმიერი ხელისუფლება შეეცდება სტატუსის თემი გამოყენებასთენგიზ ფხალაძე, ECIPE-ის უფროსი მკვლევარი
მმართველი პარტიის მთავარი მესიჯი შიდა აუდიტორიისთვის არის ის, რომ ევროკავშირიდან „მწვანე შუქის“ ანთება, მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის იმაში დარწმუნებას ცდილობს, რომ „რუსი ოლიგარქის“ „რუსული პარტია“ სტატუსის მონიჭებასთან არაფერ კავშირშია.
ჯერჯერობით, „ქულების ჩაწერა“ ამომრჩევლის თვალში „ქართულ ოცნებას“ გაცილებით უკეთ გამოსდის. მიზეზი მარტივია, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ მიზანმიმართულად არ შეასრულა ევროკომიის 12 რეკომენდაციიდან უმრავლესობა, რადგან ეს მოთხოვნები, პირველ რიგში, მის ძალაუფლებას უქმნიდა საფრთხეს და ამის მიუხედავად, ქვეყანამ სტატუსი მაინც მიიღო.
„გულწრფელები რომ ვიყოთ საკუთარ თავთან, ეს სტატუსი არის ევროკავშირის მიერ ჩვენთვის მოცემული პოლიტიკური „კრედიტი“, იმიტომ, ის კრიტერიუმები, რომელიც იმ 12 რეკომენდაციაში იყო გამოხატული, სამწუხაროდ არ იქნა შესრულებული“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ.
მისი თქმით, „ეს ჩანს კიდეც იმაში, რომ ის შემდგომი 9 დათქმა, რომელიც თან სდევს ამ სტატუსს, ძირითადად იმეორებს 12 რეკომენდაციის შინაარსს და პლუს კიდე იქ სხვა საკითხებიც არის დამატებული, რომელიც აქამდე არასოდეს ყოფილა საქართველო ევროკავშირის ურთიერთოებებში.
მათ შორის, მოთხოვნა რომ იყოს თანხვედრა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ის რომ არ იყოს ანტიევროპული რიტორიკა და ა.შ. ეს სტატუსი ნამდვილად არ არის ერთი რომელიმე პარტიის დამსახურება, ნამდვილად ძალიან ბევრი რამ აქვს ხელისუფლებას საკრიტიკო.
Your browser doesn’t support HTML5
მე ვისურვებდი, რომ ხელისუფლებაც მიხვდეს იმას, რომ რაც მეტად იქნება „ჩვენ“ და ნაკლები „მე“ მათ რიტორიკაში, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის, სხვა შემთხვევაში ის მხოლოდ პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს. მეორეს მხრივ, აბსოლუტურად, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ხელისუფლება შეეცდება სტატუსის თემის გამოყენებას, მით უმეტეს, რომ წინ არის არჩევნები“ - ამბობს თენგიზ ფხალაძე.
ის, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ეს დიდი გამარჯვება, რომელიც გეოპოლიტიკური ძვრების და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია, ვიდრე მთავრობის „დასავლური პოლიტიკის“, ვინმეს „გაუყოს“, პირველივე პარტიულ ზეიმზე გამოჩნდა, როცა „ოცნებამ“ სცენაზეც კი არ აუშვა, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციის წარმომადგენლები.
ნაკლები იმედი მაქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება, რამენაირად აჩვენებს ნიშნებს, რომ მზადაა, გაიზიაროს პასუხისმგებლობა...ვინც ბაქანზე იქნება, ბაქანზევე დარჩებაშალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე
15 დეკემბრიდან მოყოლებული, ხელისუფლების მთავარი მესიჯია, რომ სტატუსის მიღება „წარმატებული 11 წლიანი მმართველობის დაგვირგვინებაა“, რის გამოც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი მადლობა არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა.
ამავე მესიჯის შემადგენელი ნაწილია, „რადიკალური ოპოზიციის“ ბოლომდე გაშავება, რომელიც ქვეყნისთვის სტატუსის მონიჭებას „კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა“.
„2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ასე ვიტყოდი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები, ერთგვარი დამაგვირგვინებელი შედეგი იყო, უკვე წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვება“ - ხაზი გაუსვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას.
„საქართველოს ევროპული მატარებელი დაიძრა და ოპოზიცია ბაქანზეა ახლაც - ჯერჯერობით. მატარებლის ტემპი არ არის ისეთი სწრაფი, რომ ვერ შეძლონ შემოხტომა...მაგრამ, ნაკლები იმედი მაქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება, რამენაირად აჩვენებს ნიშნებს, რომ მზადაა, გაიზიაროს პასუხისმგებლობა...ვინც ბაქანზე იქნება, ბაქანზევე დარჩება” - აღნიშნა პარლამენტის თვამჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
Your browser doesn’t support HTML5
კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ოპოზიციის რიტორიკა გაცილებით უფრო სუსტია, თუმცა მათი მესიჯებიდანაც ჩანს, რომ 2024 წელს, პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყანაში, დიდი ალბათობით, ჯერ არნახულ მასშტაბს მიაღწევს.
განსაკუთრებით დრამატული მოვლენები გვახსოვს ჩვენ მარტში, როდესაც დიდი წარმატება მოვიპოვეთ, ამ ბრძოლას მოქალაქეები ბოლომდე მიიყვანენ. საჭირო იქნება ფუნდამენტური ცვლილებები ხელისუფლებაშიანა ნაცვლიშვილი, ოპოზიციური პარტია "ლელო"
„ფაქტია, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს და ხელისუფლებას აკისრებს ძალიან მნიშვნელოვან ვალდებულებებს, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაქვს მათგან იმედი და მოლოდინი, რომ ამ ვალდებულებებს ისინი შეასრულებენ“ - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, „რისი იმედიც მაქვს, ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ბრძოლას, რომელიც მრავალი საუკუნეა მიმდინარეობს და განსაკუთრებით დრამატული მოვლენები გვახსოვს ჩვენ მარტში, როდესაც დიდი წარმატება მოვიპოვეთ, ამ ბრძოლას მოქალაქეები ბოლომდე მიიყვანენ. საჭირო იქნება ფუნდამენტური ცვლილებები ხელისუფლებაში და სახელმწიფო ინსტიტუციებში, კანონმდებლობაში“ - ხაზი გაუსვა ანა ნაცვლიშვილმა.
ოპოზიციის სკეპტიციზმის მიუხედავად, „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველო უკვე 2024 წლის დეკემბერში შეძლებს.
Your browser doesn’t support HTML5
მანამდე კი 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ექსპერტების შეფასებით, პოლიტიკური პოლარიზაციის ამჟამინდელი „უმაღლესი ტემპერატურიდან“ გამომდინარე, ქვეყნის ისტორიაში, შეიძლება ყველაზე „ცხელი“ აღმოჩნდეს.