ტაივანმა რუსულ და რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა

ტაივანის ეროვნული დროშა

ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ გააფართოვა სანქცირებული საქონლის სია რუსეთისთვის და მისი მოკავშირე ბელორუსისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. სანქციების მიზანი ტაივანის მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებისთვის ხელის შეშლაა.

ასევე ნახეთ: აშშ რუსეთზე დაწესებული სანქციების თავიდან არიდების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს

ტაივანმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ომის დაწყებისთანავე დაგმო და უკვე შეუერთდა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. სანქციების აღსრულება, მეტწილად სიმბოლურია, რადგან კუნძულსა და რუსეთს შორის პირდაპირი ვაჭრობა ისედაც მინიმალურია.

სანქციების უახლესი რაუნდის გამოცხადებისას, ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა "საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნით და ჩვენი მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის ექსპორტის თავიდან ასაცილებლად".

სიაში შედის მოწყობილობები ნახევარგამტარების დასამზადებლად, რომელთა წარმოებაშიც ტაივანი მსოფლიო ლიდერია, ასევე გარკვეული ქიმიკატები და მედიკამენტები.