სომხეთის პრემიერ-მინისტრისთვის, საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ქალაქ ნინოწმინდიდან პირდაპირ ეთერში დასმულმა კითხვამ, რომლის ავტორიც სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე ანდრანიკ კარსლიანი იყო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი აჟიოტაჟი და ანტისომხური დემარში მოჰყვა.
„ამ კითხვამ, რომელმაც სამცხე-ჯავახეთიდან გაიჟღერა და ფაშინიანის პასუხმა, სომხურ-ქართული ურთიერთობები გააუმჯობესა“ანდრანიკ კარსლიანი, საქართველოს მოქალაქე
ანდრანიკ კარსლიანმა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს პირდაპირ ეთერში კითხა, მზად არის თუ არა, რომ სომხეთის მთავრობამ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს?“
„მიუხედავად იმისა, რომ პასუხი არ იყო პირდაპირი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში პასუხით ყველა კმაყოფილია“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ანდრანიკ კარსლიანმა. მისი აზრით, „ამ კითხვამ, რომელმაც სამცხე-ჯავახეთიდან გაიჟღერა და ფაშინიანის პასუხმა, ვფიქრობ, სომხურ-ქართული ურთიერთობები გააუმჯობესა“.
კარსლიანის შეკითხვაზე სომხეთის პრემიერმა პირველად ღიად აღნიშნა, რომ „სრულად და ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს სუვერინტეტს, დამოუკიდებლობას, ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიას“.
Your browser doesn’t support HTML5
ამასთან, ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სომხეთმა 2019 წლიდან პოლიტიკა შეცვალა და გაეროში წინააღმდეგ აღარ აძლევს ხმას საქართველოს მიერ 2008 წლიდან ინიცირებულ რეზოლუციას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სტატუსის შესახებ.
2019 წლამდე სომხეთისთვის, მთიანი ყარაბაღის ფაქტორის გამო, რეზოლუციის ის ნაწილი, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნებაზე იყო საუბარი, მიუღებელი იყო. 2019 წლიდან, ერევანმა ეს პოზიცია შეცვალა და რეზოლუციის კენჭისყრის დროს, როგორც რუსეთის მოკავშირე, მონაწილეობას აღარ იღებს.
„სომხეთი ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს სუვერინტეტს, დამოკიდებლობას, ერთიანობას, ტერიტორიული მთლიანობას და დემოკრატიას“.ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
2023 წლის შემოდგომიდან, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღზე სუვერენიტეტი სრულად აღადგინა, სომხეთი უკვე ცალსახად აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
„თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო 2019 წლამდე და შემდეგ სომხეთის მიერ გაერო-ში ხმის მიცემების მიდგომების განსხვავებებს, რაზეც საქართველოს მხარემ თავისი კმაყოფილება გამოუცხადა ჩვენს მხარეს“ - განაცხადა ფაშინიამა ვიდეო პრესკონფერენციაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში 2 საათნახევარი გაგრძელდა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ფაშინიანის განცხადებას პირველად ოკუპირებული ცხინვალიდან უპასუხეს. „ფაშინიანმა უღალატა საკუთარ ხალხს, რომლებიც დახმარებას სომხეთისგან ელოდნენ, ვერ იპოვა საკუთარ თავში გამბედაობა, ეღიარებინა არცახის (მთიანი ყარაბაღის) დამოუკიდებლობა და ჩვენ არ გვაინტერესებს ასეთი პოლიტიკოსების აზრი“ - აღნიშნა ოსი სეპარატისტების ლიდერმა ალან გაგლოევმა.
Your browser doesn’t support HTML5
„აფხაზეთში სომხებს აქვთ ყველაფერი, რისი გარანტირებაც ნიკოლ ფაშინიანმა ვერ შეძლო ყარაბაღელი სომხებისთვის, რომლებიც მისი პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოებრიობის დაშლისა და მშობლიური მიწიდან მასობრივი გასახლების ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდნენ“ - ასე გამოეხმაურა ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, აფხაზი სეპარატისტების ლიდერი ასლან ბჟანია.
სომხეთის პრემიერის განცხადება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია ცინიკურიაგალუსტ ტრაპიზონიანი, "ბაგრამიანის ბატალიონის" ერთ-ერთი მეთაური
ფაშინიანის გამოსვლა ერევანში ცინიკურად შეაფასეს, ე.წ. „აფხაზური კრების“ სომეხმა წევრებმა, მათ შორის, გაგრელმა გალუსტ ტრაპიზონიანმა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს, ეთნიკური სომხებით დაკომპლექტებული „ბაგრამიანის ბატალიონის“ ერთ-ერთი საველე მეთაური იყო და გუმისთისთვის ბრძოლაში ფეხიც დაკარგა. სამხედრო დამნაშავე ტრაპიზონიანს „აფხაზთა გმირის“ წოდება აქვს მინიჭებული.
„ცინიკურია არა იმიტომ, რომ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არავითარი კავშირი არ აქვს სუვერენულ საქართველოსთან, არამედ იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ ერევანმა ხმამაღლა განაცხადა, რომ არცახი სომხეთია და არ დაუშვებს აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღის ტერიტორიაზე შეჭრას“ - ნათქვამია ე.წ „აფხაზთა კრების“ სომეხ წევრთა განცხადებაში.
„ეს რეაქცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან მოსალოდნელი იყო“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ანდრანიკ კარსლიანმა. მისი აზრით, „იქ მცხოვრებ სომხებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საქართველოს გამთლიანებაში და ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენაში“.
„ფაშინიანმა უღალატა საკუთარ ხალხს, რომლებიც დახმარებას სომხეთისგან ელოდნენ"ალან გაგლოევი, ოსი სეპარატისეტბის ლიდერი
საქართველოს მოქალაქე ანდრანიკ კარსლიანი ნინოწმინდელია, არის ყოფილი სპორტსმენი, რომელიც 12 წლის მანძილზე ქალაქ ნინოწმინდის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი იყო. აქვს იურიდიული განათლება, სწავლობდა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში.
მისი თქმით, როცა შეიტყო, რომ სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისთვის პირდაპირ ეთერში კითხვის დასმა შეიძლებოდა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ეკითხა.