ერდოღანი ისრაელს ოკუპანტს, ნეთანიაჰუს კი ტერორისტს უწოდებს

რეჯებ ტაიპ ერდოღანი მიტინგზე გამოდის, სტამბოლი, 28 ოქტომბერი, 2023

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა პალესტინის მხარდასაჭერად შეკრებილ ასობით ათას თანამემამულეს მიმართა და ისრაელი ომის დამნაშავედ მოიხსენია. “22 დღეა, ისრაელი ომის დანაშაულს სჩადის. დასავლელი ლიდერები კი არათუ არ რეაგირებენ, ცეცხლის შეწყვეტისკენაც კი არ მოუწოდებენ მას,” თქვა ერდოღანმა. “მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ ისრაელი ომის დამნაშავეა. ჩვენ ისრაელს ომის დამნაშავედ გამოვაცხადებთ.” თითქმის ერთსაათიან გამოსვლაში ერდოღანმა გაიმეორა, რომ “ჰამასი”ტერორისტული ორგანიზაცია არაა, ისრაელს კი ოკუპანტი უწოდა.

თურქეთმა “ჰამასის” 7 ოქტომბრის თავდასხმა და ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა დაგმო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა “ჰამასს” პალესტინის თავისუფლებისათვის მებრძოლი ორგანიზაცია უწოდა, დასავლეთი კი ისრაელის უპირობო მხარდაჭერისათვის გააკრიტიკა.

ნატოსა და ევროკავშირის, აგრეთვე სპარსეთის ყურის არა ერთი სახელმწიფოსაგან განსხვავებით, თურქეთი “ჰამასს” ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს, ყოველთვის პატივით იღებს მის წარმომადგენლებს, მხარს უჭერს "ორი სახელმწიფოს" იდეას და ისრაელის დატყვევებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად შუამავლობისთვისაც მზადაა.

დემონსტრაციას თურქეთის ნაციონალისტური და ისლამისტური პარტიების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. ისინი ერდოღანის პოლიტიკური მოკავშირეები არიან, რომელთა დახმარებითაც მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ერდოღანმა ოპოზიციური პარტიებიც გააკრიტიკა, რომელთაც ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს კი არ უწოდეს “ტერორისტი", არამედ პალესტინურ “ჰამასს”.

კვირას თურქეთის სეკულარული რესპუბლიკის 100 წლისთავი აღინიშნება. მიმომხილველთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრო-პალესტინური დემონსტრაცია განგებ დაამთხვიეს ამ თარიღს, რათა გაზეთების პირველ გვერდებზე ათათურქის პორტრეტები ისლამისტი დემონსტრანტების ფოტოებს დაეჩრდილა. თურქეთის მთავრობა ირწმუნება, რომ რესპუბლიკის 100 წლისთავს სათანადოდ მიაგებს პატივს.