27 ოქტომბრის დილით, შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტზე მიიტანა იერიში. პენტაგონის ცნობით, მათ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ.
„ეს ზუსტი თავდაცვითი დარტყმები, პასუხია ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფების მიერ, ერაყსა და სირიაში შეერთებული შტატების პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ და ძირითადად წარუმატებელ თავდასხმებზე, რომლებიც 17 ოქტომბერს დაიწყო“, - თქვა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ: ამერიკელმა დიპლომატმა ისრაელისთვის იარაღის გადაცემის პროტესტის ნიშნად, სამსახური დატოვა„პრეზიდენტს არ აქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე შეერთებული შტატების პერსონალის უსაფრთხოება და მან მიმართა დღევანდელ მოქმედებებს, რათა ცხადად წარმოეჩინა, რომ შეერთებული შტატები არ მოითმენს ასეთ თავდასხმებს და დაიცავს საკუთარ თავს, თავის პერსონალს და მის ინტერესებს“, - დასძინა მან.
სამხედრო მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აბუ-ქამალის მახლობლად მდებარე იარაღის შენახვისა და საბრძოლო მასალის შესანახი ობიექტის წინააღმდეგ, ორმა F-16-მა, ზუსტი დამიზნებით, საბრძოლო მასალა გამოიყენა. ჯერჯერობით ოფიციალური პირები ვერ აცხადებენ, მოჰყვა თუ არა მათ იერიშებს მსხვერპლი.
”ჩვენ ზუსტად დავარტყით იმას, რაც მიზნად დავისახეთ”, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ერაყსა და სირიაში შეერთებული შტატების ძალებზე, ბოლო დღეებში, დრონებით ან რაკეტებით, თავდასხმა სულ მცირე, 19-ჯერ განხორციელდა. „ამერიკის ხმამ“ ამ თავდასხმებიდან 17 დაადასტურა.
ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, თავდასხმებზე მგრძნობიარე ინფორმაციის გამო, „ამერიკის ხმასთან“ ანონიმურ საუბარში განაცხადა, რომ დრონი დაეშვა ალ-ჰარირის საჰაერო ბაზა ირბილში, მაგრამ არ აფეთქდა.
ოფიციალური პირების თქმით, რამდენიმე საათის შემდეგ, ირბილის ბაზის გარეთ, კიდევ ერთი დრონი აფეთქდა. შედეგად არავინ დაშავებულა და მომხდარს არც ზარალი არ გამოუწვევია.
ხუთშაბათს კიდევ ერთი თავდასხმა დაფიქსირდა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ირიბი ცეცხლის ორი რაუნდი სირიაში, ალ-შადადის ბაზასთან, განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ამერიკის ხმას“.
ასევე ნახეთ: რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიესპენტაგონის პრესმდივანმა, გენერალმა პეტ რაიდერმა გაიმეორა წინა კომენტარები, რომლებიც ამერიკის ძალებზე ყოველდღიურ თავდასხმებში ადანაშაულებდა ირანის მიერ მხარდაჭერილ მარიონეტებს.
”ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები... და, რა თქმა უნდა, ჩვენ იარანს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას”, - თქვა რაიდერმა.
ერაყსა და სირიაში შეერთებული შტატების ძალებზე, 17 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე, სულ მცირე, 13 თავდასხმა განხორციელდა, განაცხადა პენტაგონმა სამშაბათს.