ბლინკენი: „აშშ გააგრძელებს ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის და ჩვენი მოკავშირეების დაცვას“

„შეერთებული შტატები გააგრძელებს ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის და ჩვენი მოკავშირეების დაცვას“ - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნა გვახსენებს, რატომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა მათ წინააღმდეგ, ვინც ტერორისტულ აქტებს სჩადის“ - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ასევე ნახეთ: 22 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან

სახელმწიფო მდივანი, შეერთებული შტატების ისტორიაში, მის წინააღმდეგ განხორციელებულ „ყველაზე საშინელ“ თავდასხმას იხსენებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები, დაღუპულთა ხსოვნას არასდროს დაივიწყებს.

„2001 წლის 11 სექტემბერს, ჩვენი ერის ისტორიაში ყველაზე საშინელი თავდასხმის შედეგად, ტერორისტებმა მოკლეს თითქმის 3000 ადამიანი და დაჭრეს 6000-ზე მეტი. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და გვერდში ვუდგავართ ნიუ-იორკში, არლინგტონში, ვირჯინიაში, და შენკსვილში, პენსილვანიაში დაღუპულთა ოჯახეების წევრებსა და მეგობრებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი არასოდეს დაივიწყებს იმ ტრაგიკულ დღეს, მრავალ დაკარგულ სიცოცხლეს და მათ, ვინც პირველად მივიდა ადგილზე მათ გადასარჩენად. ჩვენ ასევე გვახსოვს ჩვენი კოლეგები, რომლებიც 2012 წელს, ამ დღეს დაიღუპნენ ლიბიაში, ბენღაზიში. მათი ვაჟკაცობა და თავგანწირვა კვლავაც შთააგონებს ამ დეპარტამენტს და ჩვენს ერს“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შეერთებულ შტატებში დილიდან მიმდინარეობს.

პრეზიდენტი ბაიდენი, სამხედროებს, პირველი რეაგირების ჯგუფებს და მათი ოჯახის წევრებს ალასკაში, ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზაზე მიმართავს. პრეზიდენტი ბაიდენი ალასკაზე ინდოეთში გამართული დიდი ოცეულის სამიტიდან ჩაფრინდება.

Your browser doesn’t support HTML5

22 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან - აშშ დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს

იშვიათად, როცა პრეზიდენტი 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავზე წარმოდგენილი არ იქნება, ნიუ-იორკში, პენსილვანიაში ან პენტაგონში, სადაც ტერაქტები მოხდა. თუმცა ეს არ არის უპრეცედენტო მოვლენა.

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, 2005 წელს, ცერემონია თეთრი სახლის ეზოში გამართა. ხოლო, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, 2015 წელს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით თეთრ სახლში მიაგო, შემდეგ კი ფორტ მიდში დაესწრო ღინისძიებას, რომელიც ამერიკელ სამხედროებს მიეძღვნა.

ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი ორშაბათს დაესწრება ცერემონიას ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის ეროვნულ მემორიალსა და მუზეუმში.

22 წლის წინ, ალ-ყაიდას ტერორისტებმა ორი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს და ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს დაეჯახნენ, რის შედეგადაც ორივე შენობა ჩამოინგრა.
ვიცე-პრეზიდენტის ქმარი, დაგ ემჰოფი, პენსილვანიის ქალაქ შნაქსვილში ჩავა და მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ეს არის ადგილი, სადაც ტერორისტების მიერ გადაცებული კიდევ ერთი თვითმფრინავი, მგზავრების წინააღმდეგობის შედეგად მინდორში ჩამოვარდა.

შეერთებულ შტატებში 11 სექტემბერი ფედერალურად აღიარებული ხსოვნის ეროვნული დღეა, რომლის მიზანია გარდაქმნას ტრაგედიის დღე სიკეთის კეთების დღედ, რათა პატივი მიაგოს მსხვერპლთა ხსოვნას და მათ, ვინც ტერაქტზე პირველი რეაგირება მოახდინა.

9/11 – ამერიკაზე ტერორისტული თავდასხმიდან 22 წელი გადის