ბოლო პერიოდში მთიან ყარაბაღში გამწავებული სიტუაციის შესახებ, განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტი. განცხადებაში, რომელიც ამერიკის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარება ხელმისაწვდომი იყოს ყარაბაღის მოსახლეობისთვის და ამას ხელი ორივე მხარემ უნდა შეუწყოს.
"შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული სიტუაციის სწრაფად გაუარესებით. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ჰუმანიტარული მარაგი განლაგებულია როგორც ლაჩინის, ის აღდამის მარშრუტებთან. ასევე, ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ორივე დერეფნის დაუყონებლივ და ერთდროულად გახსნის შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს კრიტიკულად საჭირო ჰუმანიტარული მარაგის ხელმისაწვდომობა მთიან ყარაბაღში მამაკაცების, ქალებისა და ბავშვებისთვის",- წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს დიალოგისკენ და სიტუაციის ამგვარი მოგვარებისკენ.
ასევე ნახეთ: კრემლი ფაშინიანს პასუხობს"სამხრეთ კავკასიაში ბოლოდროინდელი დაძაბულობის გაზრდის ფონზე, შეერთებული შტატები გააგრძელებს სომხეთისა და აზერბაიჯანის მტკიცე მხარდაჭერას გადაუჭრელი საკითხების პირდაპირი დიალოგის გზით მოგვარებისთვის და ღირსეული და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის მიზნით",- ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ენტონი ბლინკენის უწყებაში ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც შესაძლოა სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიონ, ადამიანის უფლებების დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
"ჩვენ ვიმეორებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნებისმიერმა სამშვიდობო შეთანხმებამ უნდა დაიცვას მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების უფლებები და უსაფრთხოება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ დიალოგისკენ ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებს შორის",- ამბობენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
არსებული დაძაბული სიტუაციიდან გამოსავლად ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ დიალოგი და სიტუაციის დიპლომატიურ ველზე გადაჭრა ესახება.
"შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წინსვლის ერთადერთი გზა არის მშვიდობა, დიალოგი და ურთიერთობების ნორმალიზაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე",- ვკითხულობთ განცხადებაში.