შოვის ტრაგედია: დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

ზემო რაჭაში დამანგრეველი ღვარცოფის მოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მაშველებმა ორი ცხედარი კურორტ შოვის ტერიტორიაზე დღეს იპოვეს.

შსს-ს ცნობით, ცხედრების ნაწილი ძლიერ არის დაზიანებული, ამიტომ მათი ამოცნობა ვერ მოხერხდა. „ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად" - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა.

შსს-მ დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრები შოვში ჩაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ვერტმფრენით შეიყვანა შოვში, ღვარცოფის დროს დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები. ამ დროისთვის 20-ზე მეტი ადამიანი ისევ დაკარგულად მიიჩნევა. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია შსს და თავდაცვის ძალები, ასევე მოხალისეები.

დაკარგული ოჯახის წევრების მოლოდინში

საქართველოში აშშ-ს საელჩომ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს: "ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის.
ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია".