საერთაშორისო გამომძიებლების ჯგუფმა დაადგინა, რომ უკრაინის სამხრეთში, ოკუპირებულ ხერსონში მოწყობილ სპეციალურ საპატიმროებსა და დაკავების ცენტრებში რუსი სამხედროები უკრაინის მოქალაქეებს აწამებდნენ და მათზე სექსუალურად ძალადობდნენ.
"მართლმსაჯულების მობილური გუნდი" საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კერძო კომპანიის "გლობალური უფლებების დამორჩილების" მიერაა შექმნილი. ის ომის დანაშაულების უკრაინელ გამომძიებლებთან ერთად ხერსონში ნოემბრის შემდეგ მუშაობდა იმისთვის, რომ რვათვიანი ოკუპაციის დროს მომხდარი მოვლენები შეეფასებინა.
წლის დასაწყისში საინფორმაციო სააგენტო "როიტერიც" წერდა, რომ ხერსონში მასშტაბურად ხდებოდა მოქალაქეთა წამება. უკრაინის ხელისუფლების თქმით, სულ ცოტა, 200 ადამიანი იყო უკანონოდ დაკავებული. მსხვერპლები "როიტერის" ჟურნალისტებს უყვებოდნენ, რომ წამების მეთოდებს შორის იყო ელექტროშოკის გამოყენებაც და დახრჩობის იმიტაციაც.
საერთაშორისო გამომძიებელთა ჯგუფის დასკვნაში ნათქვამია, რომ ომის დანაშაულებათა სრული მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია და რომ გამოკითხულთაგან 36-მა დაკავებულმა თქვა, რომ დაკითხვისას მათ წინააღმდეგ ელექტროშოკს იყენებდნენ, ხშირად გენიტალიებზეც. ასევე, ერთი მსხვერპლი იხსენებს, რომ მას აიძულეს ეყურებინა, როგორ აუპატიურებდნენ სხვა დაკავებულს. ანგარიშის თანახმად, დაკავებულთა დიდი ნაწილი, რომელთაც აწამებდნენ, სამხედრო პერსონალი იყო, ხშირად სამართალდამცავები, მოხალისეები, აქტივისტები, ადგილობრივი ლიდერები, სამედიცინო პერსონალი და მასწავლებლები.
გამომძიებელთა გუნდის ბრიტანელი ლიდერი ბარისტერ უეინ ჯორდაში ამბობს, რომ გათავისუფლებული რეგიონის დაკავების ცენტრების თაობაზე შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ვლადიმირ პუტინის გეგმა უკრაინული იდენტობის განადგურებას ისახავდა მიზნად და ის დანაშაულთა ისეთ ფართო სპექტრს მოიცავს, რაც გენოციდზე მიანიშნებს.