უკრაინის ეროვნული დროშის ქვეშ, რიგით 51 ქართველი მოხალისე დაეცა. დროებით ანექსირებულ დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, რომელსაც უკრაინის არმია უტევს, მტერთან შეტაკების დროს, სახმელეთო ჯარების 28-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის, სპეციალური ქვედანაყოფის „შავი არწივის“ ერთ-ერთი მეთაური არჩილ დევრისაშვილი დაიღუპა.
„მინდა არჩილის ოჯახს მივუსამძიმრო, ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია, როგორც თანამებრძოლი და ძმა. ბრძოლა გრძელდება, სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე“ - განაცხადა „შავი არწივის“ მეთაურმა გიორგი სულაძემ.
მისი თქმით, „27 ივლისს, ჩვენმა მოიერიშე ჯგუფებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს, მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 500 მეტრით წინ წაიწიეს, სადაც მტერმა საგრძნობი ზარალი განიცადა. ამოცანის სირთულისა და მაქსიმალური კოორდინაციის მიუხედავად, მოიერიშე ჯგუფებთან ახლოს ჭურვის აფეთქების შედეგად, ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფის მეთაური არჩილ დევრისაშვილი მძიმედ დაჭრა. ყველა მცდელობის მიუხედავად, თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შევძელით“.
არჩილი ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია, როგორც თანამებრძოლი და ძმა. ბრძოლა გრძელდება, სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე“გიორგი სულაძე, "შავი არწივის" მეთაური
44 წლის არჩილ დევრისაშვილი პროფესიონალი სამხედრო იყო, რუსეთთან 2008 წლის ომის მონაწილე. აგვისტოს ომის დროს, დევრისაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეოთხე მექანიზირებული ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში მსახურობდა. ამ ქვედანაყოფმა ცხინვალის მიმართულებაზე, ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა მტერს, თუმცა მეოთხე ბრიგადის დანაკარგებიც ძალიან დიდი იყო.
დევრისაშვილი უკრაინელებს ჯერ კიდევ 2015 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის დროს შეუერთდა და გამოიარა, როგორც მოხალისეების, ისე ოფიციალური ქვედანაყოფები.
2022 წელს, რუსეთის არმიის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, არჩილი უკრაინის დასახმარებლად ისევ დაბრუნდა და არაერთ ურთულეს სამხედრო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ბოლოს დევრისაშვილი უკრაინის არმიის სახმელეთო ჯავების 28-ე მექანიზირებულ ბრიგადაში ჩაირიცხა.
Your browser doesn’t support HTML5
18 ივლისს, თბილისში, არჩილს პირველი შვილიშვილი ნუცა შეეძინა, რომელსაც ოჯახის წევრების თქმით, მცირე ხნით მოეფერა და ისევ უკან, უკრაინაში ფრონტის ხაზზე გაბრუნდა. არჩილს მეუღლე, ორი ვაჟი და შვილიშვილი დარჩა.
ნუცამ ვერ იგრძნო შენი სითბო, მაგრამ გპირდები რომ შენზე სულ მოვუყვებიმარი რაზმაძე
„წახვედი და დაგვტოვე ისე, რომ ნუცამ ვერ იგრძნო შენი სითბო და შენ მისი ტკბილი სუნი. როგორ ელოდებოდი ერთი სული გქონდა რომ გენახა.
ჩემმა შვილმა ვერ გნახა, ვერ მოესწრო შენს სიყვარულს, მაგრამ მე გპირდები, რომ შენზე სულ მოვუყვები. ეცოდინება, როგორი პაპა ჰყავდა და ყოველთვის იამაყებს შენი გმირობით“, - წერს სოციალურ ქსელში არჩილ დევრისაშვილის რძალი მარი რაზმაძე.
არჩილ დევრისაშვილის ცხედარს საქართველოში მომავალ კვირაში გადმოასვენებენ. რუსეთის არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022) უკრაინის დროშის ქვეშ - 12 ქართველი მეომარი დაეცა. 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისამდე კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს, უკვე 51 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.
ექვსი ქართველი მეომრის ცხედრის გამოსვენება დროებით ანექსირებული ბახმუტიდან ვერ მოხერხდა, ორი ქართველი მეომარი კი ოკუპირებულ მარიუპოლშია დაკრძალული.