რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგო ორშაბათს მედიაში გამოჩნდა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ის თვითმფრინავით კონკრეტულ სამხედრო ბაზაზე ჩადის, რუსეთის "ზაპადის" - დასავლეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ესაუბრება და ოფიცრებისგან პატაკს იბარებს.
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ლიდერის მიერ ამბოხის მცდელობის შემდეგ, ეს სერგეი შოიგუს პირველი გამოჩენაა. ევგენი პრიგოჟინი სწორედ მას ადანაშაულებდა არაპოფესიონალიზმში, "ვაგნერის" წინააღმდეგ ბრძოლაში და მის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ხმა არ ისმის და უცნობია, კონკრეტულად სად და როდისაა გადაღებული ეს მასალა. ვიდეო გამოაქვეყნეს კრემლის ვებგვერდზეც, რომელშიც პუტინი ინდუსტრიულ ფორუმზე შეკრებილებს ესაუბრება. თუმცა, ამ ვიდეოს გადაღების დრო და გარემოებებიც უცნობია.
ასევე ნახეთ: შეწყვეტილი ამბოხი: რას ნიშნავს ეს პუტინის რუსეთისთვისმას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა მოსკოვისკენ მსვლელობა შეწყვიტა და როსტივიც დატოვა, არ გამოჩენილა არც ვალერი გერასიმოვი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის "სამხედრო კამპანიის" უშუალო ლიდერი. მართალია, ის მედიაში ისედაც არ ჩანს ხშირად, მაგრამ არსებობს მოსაზრებები, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში, შესაძლოა მაღალი რანგის სამხედრო პირების მიერ თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან გარკვეული დათმობაც მომხდარიყო.
პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ტელევიზიით გადაცემულ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ რუსეთის სტაბილურობას გამოწვევა შეექმნა, მაგრამ ყველა ვლადიმირ პუტინის ირგვლივ უნდა დარჩეს გაერთიანებული. მინისტრების მოადგილეებმა კი იმის შესახბ ისაუბრეს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფოში სტაბილურობა შენარჩუნებული იყო.