ბრიტანეთმა ხუთშაბათს გამოსცა ახალი სანქციების პაკეტი ბელარუსის წინააღმდეგ, მისი როლისთვის უკრაინაში რუსეთის ომის ხელშეწყობაში. სანქციები ითვალისწინებს იმპორტის აკრძალვას და ახალ ზომებს, რომლებიც მიმართულია ინტერნეტ პროპაგანდის შესაზღუდად.
ბელარუსი, რომელსაც 1994 წლიდან პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უდგას სათავეში, რუსეთის ერთგული მოკავშირეა. ის უფლებას აძლევს კრემლს, გამოიყენოს მისი ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ ომში.
გასულ თვეში რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ.
ასევე ნახეთ: მინსკი ამბობს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა„ეს ახალი პაკეტი აძლიერებს ეკონომიკურ ზეწოლას ლუკაშენკოსა და მის რეჟიმზე, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის ომს და უგულებელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განცხადებაში.
ახალი პაკეტი მოიცავს ბელარუსიდან ოქროს, ცემენტის, ხის და რეზინის იმპორტის აკრძალვას და ბრიტანეთიდან ბელარუსში ვალუტის და ტექნიკის, აგრეთვე საქონლის, ტექნოლოგიებისა და მასალების ექსპორტის ბლოკირებას, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებისთვის.
ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ის ასევე შეზღუდავს ბელარუსული მედია კომპანიების „პროპაგანდის გავრცელებას დიდ ბრიტანეთში“ სოციალური მედიის კომპანიებთან და ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებთან ერთად, რომლებიც შეზღუდავენ წვდომას სანქცირებული ბელარუსული მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე.