საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო და ხმაურიანად მიმდინარეობს.
სხდომის დაწყების მომენტისთვის რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზში შესვლის უფლება არ ეძლეოდათ პარლამენტის ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს. დარბაზში შესვლისას ხათუნა სამნიძემ კითხა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძეს, რატომ იცავდა მის სხდომას პარლამენტში სუს-ი.
„შენს სხდომას იცავს სუს-ი, შენთვის ეს არაფერს ნიშნავს? რა უნდათ პარლამენტში ამ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი საბუთი არ აქვთ, რატომ იცავს შენს სხდომას სუს-ი?“,- იკითხა ხათუნა სამნიძემ, რომლის განმარტებითაც სხდომათ დარბაზში მოსახვედრად მას "ჭიდაობა" დასჭირდა სუს-ის წარმომადგენლებთან.
"რატომ ეჭიდავებოდით მერე?" - ეს რეპლიკა გაისმა დარბაზში ხათუნა სამნიძის კომენტარის პასუხად.
ასევე ნახეთ: დეგნანი: "ეს კანონი საფრთხის ქვეშ დააყენებს ევროატლანტიკურ მომავალს"კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ კოლეგებს ჰკითხა, რამდენად მართებულია ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში, ანუ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას შეწირული ადამიანის დარბაზში ანტისახელმწიფოებრივი კანონის განხილვა.
"ამერიკამ ეს კანონი გასული საუკუნის 30-იან წლებში ეროვნული უსაფრთხოების შესანარჩუნებლად მიიღო და დღეს შენთვის ეროვნული უსაფრთოხება არის ძალაუფლების შენარჩუნება" - თქვა თეონა აქუბარდიამ და განმარტა, რომ დღეს ეს კანონი საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციისთვის სჭირდება და არა მტრებისგან თავდასაცავად.
თავად კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, გურამ მაჭარაშვილი კი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც განსახილველად გამოაქვს, ამერიკული კანონის ანალოგიითაა შექმინილი იმისათვის, რომ არსებობდეს ალტერნატივა "უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების" რეგულირებისთვის. "ხალხის ძალამ" "უცხოეთის აგენტების შესახებ პარლამენტში ორი ინიციატივა დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთი, ამერაში ლობისტური საქმიანობის რეგულირებისთვის შექმნილი კანონის თარგმანია, მეორე კი რუსული მსგავსი დასახელების კანონის ანალოგი. "ქართული ოცნება და ხალხის" ძალა ამბობენ, რომ ამგვარი კანონი საჭიროა ფინანასების გამჭვირვალობისთვის, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და კრიტიკული ხმის "მოგუდვის" მცდელობაა.
"უნგრეთის გამოცდილება გაქვს წინ, რუსეთის გამოცდილება გაქვს წინ, მაგრამ შეგნებულად აკეთებ ამას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების ის ძალიან პატარა შანსი, რაც არის, იმასაც ხელი შეუშალო. საქართველოსთვის მტერია რუსეთი და თქვენთვის დასავლეთია მტერი. ტყუილია ის, რომ გამჭვირვალობისთვის იღებთ ამ კანონს, საგადასახადო კოდექსი ისედაც უზრუნველყოფს ამ გამჭვირვალობას" - თქვა თეონა აქუბარდიამ.
კიდევ ერთმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ნიკა სამხარაძეს შეახსენა, რომ გაერთიანებული კომიტეტების განხილვაზე არ დაუშვეს არავინ მათგან, ვისაც ეს კანონი მომავალში შეეხება. სხდომაზე განხილვა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე მიმდინარეობდა.
"ისე შეგეშინდათ ამხელა კაცებს, არც კი დალაპარაკებიხართ ამ ადამიანებს. თითოეული თქვენგანი, ვინც ამ კანონს მოაწერთ ხელს, ხართ პუტინისტები, ამ ქვეყნის მტრები, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ რომ გააკეთებთ ყველაფერს. ნოლი გაქვთ პოლიტიკური ნება, რაც დაგიწერეს, იმას აკეთებთ და სულ ფეხებზე გკიდიათ ყველაფერი რაც ხდება" - თქვა ხათუნა სამნიძემ. მას სიტყვით გამოსვლისას შეახსენეს კოლეგებმა უმრავლესობიდან, რომ ის ურეიტინგო პოლიტიკოსია.
"ქვეყანას ანგრევთ და რეიტინგებზე მელაპარაკებით? თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინო ირაკლი [ ზარქუა]. სხდომა ტარდება და მთელი პარლამენტის ირგვლივ დგას სუს-ი" - თქვა ხათუნა სამნიძემ. მის ამ კომენტარს მოჰყვა რეპლიკა ირაკლი დაჩი ბერაიასგან, რომ ის არის "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუში" და ასეთივე ხალხის ინტერესებს ატარებს.
კომიტეტების სხდომის პარალელურად სპონტანური აქცია იმართება პარლამენტის წინ.