აგენტებზე ნადირობის სეზონი

დაიწყება თუ არა ნადირობა „აგენტებზე“ საქართველოში, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს, რომელიც „ქართულ ოცნებაშივე“ თვითგანდევნილმა ჯგუფმა დააინიცირა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ იდეა რამდენიმე დეპუტატმა წამოჭრა, ისინი თავს „ხალხის ძალას“ უწოდებენ, თუმცა ეს ჯერ არც პოლიტიკური პარტიაა, არც საპარლამენტო ფრაქცია და საპარლამენტო ჯგუფი. საქართველოს პარლამენტის არსებული რეგლამენტის მიხედვით, „ხალხის ძალა“ ვერანაირ სტატუსს ვერ ირგებს. ოფიციალურად, ისინი კვლავ „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში ირიცხებიან. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობა, როგორც ჩანს, ამ „ხარვეზის“ გამოსწორებას აპირებს, ამიტომაც, მომავალი კვირისთვის პარლამენტში კენჭისყრისთვის უკვე დარეგისტრირებულია „ხალხის ძალაზე“ მორგებული რეგლამენტის ცვლილება. ამ ცვლილების შემდეგ, „ხალხის ძალა“ „საპარლამენტო ჯგუფად“ იქცევა და საოცნებო ოპოზიცია დაიბადება.

მანამდე კი საქართველოში „უცხოეთის გავლენის აგენტებს“ ეძებენ. კანონპროექტის მიხედვით, ასეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაცია, ან პირი, ვინც უცხოეთიდან ფულს იღებს და ეს ოდენობა მისი საერთო შემოსავლების 20 პროცენტზე მეტია.

კანონპროექტი, თუ კანონად იქცა, სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, რომ ემიგრანტი ბებიის ან დეიდის მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილი ფული აგენტურული საქმიანობისთვის გამოყენებულად წარმოადგინოს. ეს ჯერ თეორიაა, თუმცა თუ მოქალაქე სოციალურ ქსელებში აქტიურად იქნება დაკავებული პოლიტიკური შინაარსის მესიჯებით, რა გამორიცხავს, რომ ის აგენტად ჩაითვალოს? - ამ კითხვაზე პასუხი ღიაა.

კანონპროექტის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში ვკითხულობთ: „ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური გავლენის აგენტი არის: ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“;

"აგენტის" თეორიული და პრაქტიკული ასპექტი

„ამერიკის ხმა“ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს, რათა უშუალოდ მათგან მიეღო პასუხები ზოგიერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე. საინტერესოა, რა დამოკიდებულება ექნებათ კანონპროექტის ავტორებს რუსეთიდან შემოსული თანხით დაფინანსებულ ორგანიზაციებზე, ჩაითვლებიან თუ არა ისინიც უცხოური გავლენის აგენტებად? ამასთან, უმეტესწილად, რუსული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციებისა და ფონდების თაობაზე მოკვლევას არასამთავრობო ორგანიზაციები („უცხოური გავლენის აგენტები“) აწარმოებენ. რა დამოკიდებულებას დაიკავებს სახელმწიფო ამ შემთხვევაში? იტყვის, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ კვლევას უცხოური გავლენის აგენტების შესახებ არ ენდობა?

Your browser doesn’t support HTML5

თეონა აქუბარდია, პარლამენტის წევრი

არის კიდევ ერთი, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი კითხვა და საკითხი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და წარმოდგენილი კანონპროექტის თავსებადობას ეხება. კონსტიტუციაში, რომელიც ყველაზე მაღლა მდგომი იურიდიული დოკუმენტია, გაცხადებულია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის მეთერთმეტე თავში, 78-ე მუხლში ნათქვამია, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“ წარმოდგენილი კანონპროექტი კი ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება ამ დებულებას, ამბობს რა, რომ იმ გაერთიანებების წარმომადგენლები, რომელთა წევრობასაც საქართველო ესწრაფვის, „უცხოური გავლენის აგენტები“ არიან. მიიღებს პარლამენტი კანონს, რომელიც კონსიტიტუციას ეწინააღმდეგება?

მმართველი გუნდის დამოკიდებულება „უცხოური გავლენის აგენტებთან“

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ჯერ არ აქვთ საბოლოო, შეჯერებული პოზიცია იმის შესახებ, დაუჭერენ თუ არა მხარს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამავდროულად, მეტყველია პარლამენტის თამჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ კანონპროექტი არაა რელევანტურობას მოკლებული. მას აქვს კითხვები ზოგიერთ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ისეთებთან, რომლებიც ხელისუფლებისთვის კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. „არის მცდელობა ტაბუ დაადონ თემას და თემის ცენზურა მოხდეს, როდესაც საუბარია გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე. საკვირველია, რომ ზოგიერთი ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხებზე ტაბუს დადებას, რაც, ჩემი აზრით, ანტიდემოკრატიულია. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, რომ ის ხალხი, ვინც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, რა ინტერესით მოქმდებენ,“- აცხადებს შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კანონპროექტის თაობაზე, რომელიც მიზანმიმართულად, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების მოკვლევას გულისხმობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია „სირცხვილიას“ დაფინანსების წყაროები. „მაგალითისთვის, გეტყვით, ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა, რომელთა წარმომადგენლები, არაერთხელ, ძალადობრივი ქმედების გამო იქნენ სამართალდამრღვევად ცნობილნი, ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებული. ვიცით, გარკვული განცხადებები, რომ ისინი ვიღაცებისგან ფინანსდებიან, მაგრამ არაა გარკვეული, ვინაა მათი დამფინანსებელი“. „სირცხვილია“ ერთ-ერთია მათ შორის, ვინც აქტიურ სამოქალაქო კამპანიას აწარმოებს. აქვს როგორც საპროტესტო, ისე საქველმოქმედო კამპანიების ორგანიზების გამოცდილება. ამჟამად, ორგანიზაციის ხელმძღვანელი უკარაინაში იმყოფება ჰუმანიტარული მისიით.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი კლდიაშვილი ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი

პოლიტიკის ინსტიტუტისა და IDFI-ს კვლევებში ნათქვამია, რომ „ოცნებას“ სურს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსთან მიმართებით განცდილი მარცხი, გარკვეულწილად, გადაფაროს და იმის საილუსტრაციოდ, რომ „თავად უკეთესია“, „ხალხის ძალა“ და მისი ბრუტალურად რადიკალური, ანტიდასავლური მესიჯები ფარად იქციოს.

„გრძელვადიან პერსპექტივაში, სახელისუფლებო გუნდის ამ სტრატეგიის მიზანია, ახალმა სატელიტურმა მოძრაობამ ერთგვარი მეხამრიდის როლი ითამაშოს მომავალ პოლიტიკურ პროცესებში და საკუთარი პოპულისტური დემაგოგიით გარკვეული კომფორტი შეუქმნას მმართველ პარტიას მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატიის „დაგეგმვის“ პროცესში. საბოლოო ჯამში, ამ რიტორიკის შემდგომი წახალისების შემთხვევაში, ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, არამედ ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ხელისუფლების ევროატლანტიკურ ამბიციებს“,- ფიქრობენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარები.

ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ინსტრუმენტია მმართველი გუნდის ხელში მედიისა და სამოქალაქო სექტორის მოთვინიერებისთვის. მისივე აზრით, რუსული ფულის მოძიების ინტერესი „ქართულ ოცნებას“ არ ექნება და როდესაც „აგენტებზე“ კანონის მიღება დაანონსა, მისი მიზანი სწორედ დასავლეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებსა და მედიაზე კონტროლი იყო.

ვინ არის „ხალხის ძალა“ და რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მას?

„ხალხის ძალა“ ამბობს“, რომ კანონპროექტის იდეა ამერიკული კანონმდებლობიდან აიღეს. ეს მტკიცება იმ მოსაზრების საპირისპიროდ ითქვა, რომ რუსეთს აქვს კანონი „აგენტების გამოვლენის შესახებ“. იქ პრაქტიკაა „სამოქალაქო ჯაშუშების“ დევნა და ამ ფონზე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ციხეში ჩაყრა, ან ქვეყნიდან გაყრა.

„ჩვენ შევარბილეთ ამერიკული კანონმდებლობა, მაგრამ ამ შერბილებამ უკუ რეაქცია გამოიწვია, თურმე შერბილება ყოფილა რუსული კანონპროექტი. არც ვენეციის კომისიისთვის რომ არ გაგვიხდეს წარსადგენი და არც სხვა წინააღმდეგობას რომ არ წავაწყდეთ, გადავწყვიტეთ, პირდაპირ ვთარგმნოთ ამერიკული კანონი, ერთი - ერთში. მერე აღარ იტყვიან, რომ ესაა რუსული კანონპროექტიო. თუ მაინც იტყვიან, მაშინ ამერიკაში ყოფილა რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან? არ შეიძლება, არ გქონდეს წაკითხული კანონპროექტი და ისე ამბობდე, რომ ის არღვევს ადამიანის უფლებებს,“- ამბობს გურამ მაჭარაშვლი, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი.

ნედ პრაისმა, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 16 თებერვალს ღია ტექსტით განმარტა, რომ „აგენტების შესახებ“ კანონს, რომელიც „ხალხის ძალამ“ დააინიცირა, არაფერი აქვს საერთო ამერიკულ კანონთან FARA. ეს უკანასკნელი აშშ-ში მიიღეს 1938 წელს, ნაცისტური და კომუნისტური პროპაგანდის საპასუხოდ და არანაირად არ გულისხმობს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლს. უფრო მეტიც, კანონი წლების განმავლობაში ითვლებოდა ყველაზე ნაკლებად გამოყენებულ აქტად. 1966-2015 წლამდე პერიოდში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა აღძრა მხოლოდ შვიდი სისხლისსამართლებრივი საქმე FARA-ს საფუძველზე.

სამაგიეროდ, რუსული კანონი დღემდე აქტიურად გამოიყენება თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გასანეიტრალებლად რუსეთში. თავდაპირველად „უცხოეთის აგენტის შესახებ“ კანონი რუსეთში 2011 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ მიიღეს. ის ძალაში 2012 წელს შევიდა. „2017 წლის ცვლილებებით, “უცხოეთის აგენტების” კანონის მოქმედება გაფართოვდა და მოიცვა მედიასაშუალებებიც. 2020 წლიდან კი “უცხოეთის აგენტების” რეესტრში შეიძლება შეყვანილი იქნეს ნებისმიერი ფიზიკური პირი. რუსული კანონის 10 წლიანი მოქმედება ნათელი მაგალითია იმისა, როგორ მოახდინა ხელისუფლებამ “გამჭვირვალობის” ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და რა ეფექტი აქვს ამას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე,“- ნათქვამია IDFI-ს ანგარიშში.

ამერიკა თუ რუსეთი - რომელია „ხალხის ძალის“ შთაგონების წყარო?

ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონი უცხოეთის აგენტის შესახებ. გაუქმებულია უნგრეთის კანონიც, რომელიც 2017 წელს შევიდა ძალაში „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ“. ის უნგრეთში იქცა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბრძოლის იარაღად. 2020 წელს კი ევროპული კომისიის მიმართვის საფუძველზე, ევროსასამართლომ კანონი ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. უნგრეთი იძულებული გახდა კანონი გაეუქმებინა. „საქართველო თუ გეგმავს ევროკავშირის წევრობას, „უცხოური აგენტურის“ მაძიებელი კანონების მიღებას აზრი არ აქვს, ის მაინც იქნება დაბლოკილი და ამისთვის რამდენიმე ინსტრუმენტი არსებობს,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია, პარლამენტის წევრი. იმ შემთხვევაში თუ კანონს პარლამენტი მიიღებს, მისი აზრით, გაუქმება არის შესაძლებელი როგორც პრეზიდენტის ვეტოთი, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს ან ევროსასამართლოს გზით.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი თეო ზურაბიშვილი

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მკვლევარი თეო ზურაბიშვილი „ამერიკის ხმასთან“ მიმოიხილავს, რა ამერიკულ FARA -ს ამბობს, რომ მას საერთო არაფერი აქვს რუსულ კანონთან აგენტების გამოვლენის თაობაზე და არც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან. „თუ ნახავთ კონგრესის ჩანაწერებს, 1938 წელს, აღმოაჩენთ, რომ დისკუსია მიმდინარეობს ფაშისტური პროპაგანდის პრევენციაზე. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს აქამდეც ბევრჯერ დაუფიქსირებიათ კონფრონტაციული დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მათი კონტროლის მექანიზმი შეიმუშავეს და არა ანგარიშვალდებულების სისტემა,“- გვეუბნება თეო ზურაბიშვილი.

მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, კანონპროექტის შეფასებისას არარელევანტურ პარალელს ავლებენ ანგარიშვალდებულებიანობასთან მიმართებით. „მე ვუსმინე მმართველი ძალის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ თუკი არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას, თვითონაც ანალოგიურით უნდა უპასუხონ, თუმცა მას ავიწყდება, რომ ხელისუფლება ფინანსდება ხალხის გადასახადებისგან. შესაბამისად, ერთ სიბრტყეზე არ დგას NGO სექტორისა და ხელისუფლების ვალდებულებები. ერთადერთი სეგმენტი, რომლის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია დახურულია, არის რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. მათ შესახებ ინფორმაციას პარტნიორი ქვეყნების ანგარიშებიდან ვიგებთ მხოლოდ,“- გვეუბნება თეო ზურაბიშვილი.

კანონპროექტი თუ კანონად იქცა, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს „აგენტებად“ დარეგისტრირება და ფინანსური ანგარიშების წარდგენა სახელმწიფო დაწესებულებაში მოუწევთ. „დასავლეთიდან წამოსული დაფინანსება ისედაც გამჭვირვალეა. ყველა ორგანიზაციას ოფიციალურად, ღიად, უდევს ინფორმაცია მიღებული თანხების ოდენობისა და დონორების შესახებ. ერთადერთი, რაც არ კონტროლდება, ესაა რუსეთიდან შემოსული ფული, თუმცა არამგონია, ხელისუფლებას ეს კანონი, რუსეთიდან უკონტროლოდ შემოსული თანხების მონიტორინგისთვის სჭირდებოდეს. ეს რომ მათ სურდეთ, უსაფრთხოების წესებს გაამკაცრებდნენ,“- გვეუბნება გიორგი კლდიაშვილი. როგორი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ კანონის შესახებ კითხვაზე, ის გვპასუხობს, რომ არც თვითონ და არც მისი კოლეგები არანაირ რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებენ.

„ასე მოხდა უნგრეთშიც. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს რეგისტრირებაზე. საბოლოოდ, უნგრეთი, იძულებული გახდა ეს კანონი გაეუქმებინა. ასე იქნება აქაც. არავინ, ჩემი კოლეგებიდან, დარეგისტრირებას არ აპირებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება ერთიანი მიდგომა ამ საკითხზე. ხელისუფლებას ძალიან სერიოზულად მოვთხოვთ პასუხს ამის თაობაზე, რადგან ეს კანონი არა მხოლოდ ჩვენ შეგვიზღუდავს თავისუფლებას, არამედ შეგვაფერხებს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებითაც,“- ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

იმისთვის, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე, 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. „ხალხის ძალას“ ჯერ მხოლოდ 9 წევრი ჰყავს პარლამენტში. იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, მას მმართველი გუნდის მხარდაჭერა სჭირდება.