„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა სატელიტებმა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და სომხეთში, ბიოლაბორატორიების ქსელი განათავსეს..“ - 2022 წლის 7 მაისს, განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა გააკეთა.
მანამდე, 2020 წლის 2 სექტემბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა გამოთქვა ვარაუდი, თითქოს, საწამლავი, რომლითაც რუსი ოპზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოს, ან შეერთებული შტატების მიერ იყო დამზადებული, - „ამოვიდეთ მოცემულობიდან, რომ მსგავსი სახის ქიმიური ნივთიერებების წარმოებით ჩვენ, ჩვენს ტერიტორიაზე არ ვართ დაკავებულნი. არსებობს ინფორმაცია, რომ ასეთი იარაღი, ასეთი ქიმიური-ტოქსიკური ნივთიერებები, შეერთებული შტატებიდან, სქართველოს ტერიტორიაზეა და თავად აშშ-ში“ - განაცხადა იური სვიტკინმა, 2020 წლის 2 სექტემბერს.
ასევე ნახეთ: სიმონიანი, სოლოვიოვი და პესკოვი - კრემლის დეზინფორმაციის და პროპაგანდის მთავარი მოთამაშეები„ამერიკის ხმის“ ფაქტების დამდგენი პოროექტი „პოლიგრაფი“, რუსული დეზინფორმაციის ამ მაგალითებს 2020 წელს გამოეხმაურა.
„საქართველოში არსებული ლაბორატორიის ხსენებით, სავარაუდოდ მიათითებენ რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე, რომელიც თბილისში მდებარეობს. წლების განმავლობაში, ლაბორატორია რუსული დეზონფორმაციის რეგულარული სამიზნე იყო, რომელსაც ადანაშაულებდნენ ვირუსების გავრცელებაში, მათ შორის, კორონავირუსის. ამასთან, ავრცელებდნენ საშინელებათა ისტორიებს, ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ. ლაბორატორია ორიენტირებულია სხვადასხვა პათოგენების შესწავლაზე, - არა წარმოებაზე და არა ქიმიურ იარაღზე“ - ნათქვამია „პოლიგრაფის“ პუბლიკაციაში.
„პოლიგრაფმა“ და ფაქტების დამდგენმა სხვა პლატფორმებმა, ფაქტებზე დაფუძნებით, არაერთხელ უარყო ამ ტიპის რუსული დეზინფორმაცია. მათი კვლევით გამოიკვეთა, რომ ცრუ ცნობების უკან, ძირითადად, ულტრამემარჯვენე პროკლემისტური ჯგუფები და თავად მოსკოვი დგას.
2022 წლის მარტში, გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ, „ვაშინგტონ პოსტმა“ რუსული დეზინფორმაციის ეს ხაზი, საბჭოთა პერიოდით დაათარიღა. გამოცემა წერდა, რომ პროპაგანდის ეს ხაზი, კიდევ უფრო გაძლიერდა 1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც ძალაუფლება ხელში ვლადიმირ პუტინმა აიღო. „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ კრემლის მიზანი, საკუთარი ბიოლოგიური პროგრამებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა იყო.
ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები
ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები, „ინფრომაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ გამოიკვლია. 2022 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის თანამედროვე საინფორმაციო ოპერაციები და მეთოდები საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაა.
ასევე ნახეთ: „უცხოეთის აგენტის“ აღქმა რუსულ საზოგადოებაში„ტერმინი „დეზინფორმაცია“ სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) ლექსიკონიდანაა და ინფორმაციის განზრახ დამახინჯებასა და გავრცელებას ნიშნავს. დეზინფორმაცია საბჭოთა კავშირის „აქტიური ღონისძიებების“ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, „აქტიური ღონისძიებები“ კი ღონისძიებათა ერთობლიობა იყო, რომელიც მიზნად ისახავდა მოტყუებითა და ფარული/საიდუმლო მოქმედებებით პოლიტიკურ განწყობებსა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას“ - ნათქვამია კვლევის წარდგენაში.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ და „საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბის“ ერთობლივი კვლევის ფარგლებში, მკვლევრებმა გაზეთ „კომუნისტის“ ათწლიანი პერიოდი, ნარატივისა და დისკურსის ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებით გაანალიზეს.
IDFI-ს მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ რუსული დეზინფორმაციის კამპანიები, ნარატივი და სათქმელი, ბოლო 50 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად იგივე რჩება.
Your browser doesn’t support HTML5
მკვლევარებმა, კონკრეტული გამოცემის მაგალითზე წარმოადგინეს პარალელები, საბჭოთა პროპაგანდასა და რუსეთის თანამედროვე საინფორმაციო ოპერაციებს შორის, რომელიც ქართულ რეალობაში დღესაც აქტუალურია. თემები, რომლებზეც რუსული დეზინფორმაციაა მიმართული, ფაქტობრივად უცვლელი რჩება, - „დასავლეთი, სივრცე, სადაც ცხოვრება რთულია“; „დასავლეთს სურს დესტაბილიზაცია და ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში“; „სსრკ – მშვიდობისმყოფელი, დასავლეთი (ნატო) – პროვოკატორი“ და ა.შ.
„მშვიდობისმყოფელი საბჭოთა კავშირი“
გაზეთ „კომუნისტის“ 1975 წლის 1 მაისის გამოცემა, 70-იანი წლების „détente“-ს, გადატვირთვის პოლიტიკას ეხმიანება. IDFI-მ მიაკვლია, რომ როგორც წესი, საბჭოთა პრესა მშვიდობის მთავარ ინიციატორად საბჭოთა კავშირს წარმოაჩენდა. ამის პარალელურად კი, იბეჭდებოდა კრიტიკული სტატიები ნატოს გეგმებისა და ნატოს წვრთნების შესახებ. იქმნებოდა დიქოტომია, რომ მაშინ, როდესაც სსრკ-ს მშვიდობა სურს, ნატო მდგომარეობის ესკალაციას ახდენს, ხოლო ნატოს სამხედრო წვრთნები პროვოკაციად იყო შეფასებული.
„თანამედროვე კრემლის ერთ-ერთი გზავნილი უკრაინაში ინტერვენციასთან დაკავშირებით არის ის, რომ რუსეთს მშვიდობა სურდა, ხოლო დასავლეთისა და უკრაინის ქმედებებმა მას „რადიკალური გადაწყვეტილებებისკენ“ უბიძგა. ასე ხსნიდა პუტინი 2022 წლის 21 თებერვალს დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარებას, ასევე 24 თებერვალს სამხედრო ინტერვენციას. თუ დღეს რუსეთი ნატო-ს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ასეთად 1970-იან წლებში ნატოს ხმელთაშუა ზღვაში წარმოებული წვრთნები და ესპანეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები იყო წარმოჩენილი“ - აცხადებენ IDFI-ში.
„სიდუხჭირე დასავლეთში“
საბჭოთა ქართულ პრესაში, დეზინფორმაციის ერთ-ერთი ხაზი სოციალურ საკითხებზე გადის. IDFI-ის მიერ, გაზეთ „კომუნისტის“ შესაწვალმ წარმოაჩინა, რომ დასავლეთის ქვეყნების, ძირითადად, აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა უმუშევრობის კუთხით საინტერესო ნარატივებითაა აღწერილი: მაგალითად, ის, რომ ჩრდილოეთის ინდუსტრიული შტატები იცლება და მოსახლეობა ნაკლებად განვითარებულ სამხრეთში მიგრირებს... ის, რომ ლონდონში 1975 წელს, 2,263 გაფიცვა გაიმართა. იმავე ბრიტანეთის შემთხვევაში, „კომუნისტი“ 1976 წლის 3 აგვისტოს წერდა, რომ ლონდონის რამდენიმე ათასი მოწაფიდან, მხოლოდ ⅓ შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას, ხოლო დანარჩენები მილიონნახევრიან უმუშევართა არმიას შეუერთდებიან.
„კომუნისტის“ 1975 წლის 8 ივნისის ნომერში რუბრიკა „მსოფლიოს ქალაქებში“ სან-ფრანცისკოს მიეძღვნა. სტატიაში ვკითხულობთ: „ქალაქის გარეგნული მომხიბვლელობის მიღმა ათიათასობით ამერიკელის სიდუხჭირესა და ხვალინდელი დღის უიმედობას დაუსადგურებია. ქალაქის ქუჩებში არც თუ იშვიათად ნახავთ ასეთ სურათს. ამ ამერიკელ უმუშევარს დილიდან დაღამებამდე უხდება გიტარის დაკვრა, რათა ორიოდე გროში იშოვოს და ქრონიკულ შიმშილს თავი დააღწიოს.“
IDFI აცხადებს, რომ „დასავლეთის, როგორც არასაიმედო სივრცის იმიჯის გაძლიერებას, რომელსაც მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფის უნარი არ შესწევს, თანამედროვე კრემლიც ცდილობს. წლებია, რუსული დეზინფორმაცია ამტკიცებს, რომ დასავლეთში მოქალაქეები სიდუხჭირეში ცხოვრობენ და ზამთარში საკვებსა და გათბობას შორის არჩევანის გაკეთება უწევთ. ეს გზავნილი კიდევ უფრო გაძლიერდა უკრაინაში რუსეთის ხელახალი ინტერვენციის გამო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების შემდეგ.“
Your browser doesn’t support HTML5
ანტონ ვაჭარაძე, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ დეზინფორმაციული გზავნილების სათავაში „კოლექტიური კრემლია“ და მისი მიზანი, მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხებიდან, საზოგადოების ყურადღების გადატანაა. ვაჭარაძე ამბობს, რომ რუსული დეზინფორმაციული ნარატივი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქართულ რეალობაში სარკულად აისახება. მაგალითად მას ე.წ. „უცხოეთის აგენტის“ შესახებ რუსული კანონმდებლობა მოჰყავს, რომლის შესახებ, ბოლო დროს, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განხილვები მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის აგენტების“ რეესტრის შექმნის ინიციატივით, გასული წლის მიწურულს, „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი, თუმცა კვლავ საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „ხალხის ძალა“ გამოვიდა. გაერთიანება, შესაბამისი საკანონმდებლო პროექტის ინიცირებას, იანვარში გეგმავდა.
ვაჭარაძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, რუსული დეზინფორმაციული იდეების გამავრცელებლები, პოლიტიკოსები და ზოგიერთი მაღალჩინოსნებიც არიან.
Your browser doesn’t support HTML5
ანტონ ვაჭარაძე ამბობს, რომ რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სახელმწიფო რესურსით, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეა აუცილებელი, ისე როგორც ამას, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში აკეთებენ. მისი თქმით, 2019 წელს, საქართველოში საპარალამენტო ჯგუფი მუშაობდა, რომელიც დეზინფორმაციის ტრენდებს სწავლობდა. ამის შემდეგ კი საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შექმნილიყო, თუმცა, მისი ინფრომაციით, ამ საკითხზე მუშაობა შეწყდა.